მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმართავს თუ არა NEQSOL-ი საერთაშორისო არბიტრაჟს? - პასუხი

5f1ae5acc15dd
შოთა ტყეშელაშვილი
25.07.20 21:00
1903
NEQSOL ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ამბობს, რომ კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვას განიხილავს, როგორც ინვესტორთა დაცვის ბოლო ინსტანციას. თაგიევი ამბობს, რომ მათი აზრით, მთავრობასა და პარლამენტთან დიალოგის გზით ვითარების გამოსწორება არის შესაძლებელი. 

"გვჯერა და მივიჩნევთ, რომ არსებული ვითარება შეიძლება მოგვარებული იყოს მოლაპარაკებათა გზით. როგორც საქართველოს კომუნიკაციების კომისიასთან და პარლამენტთან, თუმცა ამ ეტაპზე ამ საკითხზე უფრო მეტი დეტალიზაციისგან თავს შევიკავებდი.

ვაცნობიერებთ, რომ საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვა ინვესტორის მიერ საკუთარი უფლებების დაცვისთვის არის ბოლო ინსტანცია. ამჟამად გვჯერა, რომ არსებული ვითარების გამოსწორება სახელმწიფოსთან დიალოგის გზით არის შესაძლებელი", - ამბობს თემურ თაგიევი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია NEQSOL-მა 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც "კავკასუსითვის" მკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა. საბოლოოდ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომისიას უფლებას აძლევს კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

"კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. ეს მაგისტრალი დღეს საქართველოს გლობალურ ინტერნეტთან წვდომისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია და თუ NEQSOL ჰოლდინგს მისი პროექტის რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა, ეს მაგისტრალი ცენტრალური აზიის რეგიონისთვისაც ინტერნეტის მიღების წყარო გახდება.

“კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილის შესყიდვის დროს, NEQSOL-მა კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვაზეც მიიღო შესაბამისი ოფცია. თემურ თაგიევი ამბობს, რომ კომპანიას ეს ოფცია ჯერ არ გამოუყენებია.

“ეს შესყიდვა ჯერ არ განხორციელებულა. ამ ვითარებაში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა შესაძლებლობას ამ შესყიდვის ოფციასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ეტაპზე ალბათ ნაადრევი იქნება, რომ ჩვენ შემდეგ ნაბიჯებზე ვისაუბროთ ამ მიმართულებით,” - ამბობს თემურ თაგიევი.

Neqsol Holding-ი აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგო და სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგია. მის შემადგენლობაში შედის ქვეყნის უმსხვილესი მობილური ოპერატორის - BakCell-ისა და AzerTelecom-ის 100%-იანი წილი. ამასთანავე, კომპანია უკრაინის წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიის Vodafone Ukraine-ის მფლობელიცაა, რომელსაც 20 მილიონი აბონენტი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები