"დღეს 2018 წლის III კვარტალის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი გამოქვეყნდა და მსურს, კიდევ ერთხელ შევეხო ამ, ჩვენი ქვეყნისთვის, მართლაც რომ, მნიშვნელოვან ეკონომიკურ მაჩვენებელს.
ვისაც ჩემი ერთი წლის წინანდელი პოსტი გახსოვთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ყველაზე დაბალი ნიშნული 2017 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა. წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა და ამჟამად, ასევე პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 2018 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის ბალანსმა, მცირე, მაგრამ დადებით დონეს - მშპ-ს 0.3%-ს მიაღწია. ისტორიულად, საქართველოში ეს მაჩვენებელი ყოველთვის უარყოფითი იყო. 2010 წლის შემდეგ კი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საშუალოდ მშპ-ს 11% აღწევდა. ამის გათვალისწინებით, მიმდინარე ანგარიშის ასეთი გაუმჯობესება უდავოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა.
საქართველოსთვის, როგორც მცირე ღია ეკონომიკისთვის, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე, ასევე ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე. შესაბამისად, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება უფრო მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემოს შექმნას უწყობს ხელს, რასაც უცხოელი ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ.
ვიმედოვნებ, რომ როდესაც 2018 წლის საბოლოო მონაცემები გამოქვეყნდება, წინა წელთან შედარებით გაუმჯობესება შენარჩუნდება და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება,"- წერს სებ-ის პრეზიდენტი.
"2018 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის სალდო პირველად გახდა პროფიციტული და 11.9 მლნ აშშ დოლარი (30.1 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობას და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო 2018 წლის მესამე კვარტალში წლიურად 2.6 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მლრდ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 22.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა.
მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად ტურისტული შემოსავლების გამო), მესამე კვარტალში, დიდწილად ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 9.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5.7 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს ტურისტული მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 12.3 პროცენტით გაიზარდა და მესამე კვარტალში 1.2 მლრდ აშშ დოლარს (2.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა.
მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 10.2 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის მესამე კვარტალში 345.5 მლნ აშშ დოლარს (873.9 მლნ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის ტრანსფერები გაზრდილი იყო, ხოლო სამთავრობო - შემცირებული.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 262.5 მლნ აშშ დოლარი (663.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.3 პროცენტია. მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების სექტორებში განხორციელდა,"- წერია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

























