მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2018 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის 11.6% შეადგინა, ხოლო ბოლო ოთხი კვარტალის განმავლობაში - 9.0%, რაც განპირობებული იყო საგარეო მოთხოვნის მნიშვნელოვანი გაჯანსაღებით. ეროვნული ბანკის ცნობით, მოკლე და საშუალოვადიანი პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან ფარდობა, წლიურ ჭრილში, ერთნიშნა ნიშნულზე დარჩება იმ დაშვებით, რომ სავაჭრო პარტნიორებში სტაბილური ვითარება შენარჩუნდება, ხოლო ექსპორტისა და უცხოეთიდან მიღებული სხვა შემოსავლების ზომიერი ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.
„ეროვნული ბანკის ამოცანა ფასების სტაბილურობაა და ამ ამოცანის ეფექტიან შესრულებას ინფლაციის პროგნოზის თარგეთირება უზრუნველყოფს. ამისთვის საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, რომელიც იცვლება იმგვარად, რომ ინფლაციის პროგნოზი იყოს მიზნობრივ ნიშნულზე საშუალოვადიან პერიოდში. ინფლაციის თარგეთირების დროს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებისას, მხედველობაში მიიღება ერთობლივი გამოშვებაც. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების რეაგირება მიწოდების შოკზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა იყოს დაბალანსებული და არა იმდენად აგრესიული, რომ ერთობლივი გამოშვების მკვეთრი ცვლილება გამოიწვიოს. განაკვეთების ეტაპობრივი ცვლილება ოპტიმალურია როგორც გაურკვევლობის პირობებში, ასევე გრძელვადიანი განაკვეთების უფრო ეფექტიანი მართვისათვის. აქედან გამომდინარე, ინფლაციის თითოეული პროგნოზი გულისხმობს საპროცენტო განაკვეთების ისეთ საპროგნოზო ტრაექტორიას, რომელიც ყველა ჩამოთვლილ ფაქტორს ითვალისწინებს”, - განმარტავენ სებ-ში.