20 სექტემბერს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფარგლებში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.
მიმდინარე კვირას პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოწვევა ანაკლიის საკითხს უკავშირდება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის - შოვის სტიქიას.
პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას გეგმავს „თავდაცვის კოდექსის“ მესამე - საბოლოო მოსმენით განხილვას, ასევე მოისმენს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კენჭსაყრელ საკითხთა შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, წარმოდგენილია ოთხი კანდიდატი ორ ვაკანსიაზე.
„სულ უფრო ცოტა დრო რჩება ევროკომისიის მხრიდან რეკომენდაციების შეფასებამდე და ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაა. საგაზაფხულო სესიაზე ჩვენ სამი წევრი ავირჩიეთ, ეს ევროკომისიამ დადებითად შეაფასა და დარჩენილი ვაკანსიების შევსებაც მოგვიწოდა. ვინაიდან საჭიროა 90 ხმა და ოპოზიციის მონაწილეობა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ უმრავლესობასთან კონსულტაციით ამ ოთხი კანდიდატიდან იქნებ რომელიმე ორზე შეთანხმდნენ“, - მიმართა პარლამენტის წევრებს შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, უკვე რამდენიმე თვე გავიდა კანდიდატების წარდგენიდან, გაიმართა მათი მოსმენაც და არცერთ მათგანზე დღემდე რაიმე დასაბუთებული ნეგატიური შეფასება არავის წარმოუდგენია, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღოს.
ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და განიხილა ორგანიზაციული საკითხები.
პარლამენტის პლენარული სხდომა 19 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.