მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მიმდინარე მოვლენების ფონზე, გაყიდვების დაახლოებით 50%-იანი ვარდნა გვაქვს“ - Avtandil winery

ავთანდილის მარანი

„მიმდინარე მოვლენების ფონზე, გაყიდვების დაახლოებით 50%-იანი ვარდნა გვაქვს", - ამის შესახებ კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარე მარნის „ავთანდილის მეღვინეობა“ დამფუძნებელმა, ავთანდილ ირომაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი განმარტებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დროში თუ გაჭიანურდა, გაყიდვების ვარდნამ შეიძლება ზრდის ტენდენცია შეინარჩუნოს.

"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გაყიდვების დაახლოებით 50%-იანი ვარდნა გვაქვს და თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, შეიძლება სიტუაცია გაუარესდეს. მარაგებიც მაღაზიებში არ გაგვიახლებია. უარს ვიღებთ, რადგან არ არის ახლა ღვინოზე მოთხოვნა. გაყიდვების რაოდენობამ ძალიან იკლო. არის მაღაზიები, რომლებიც საერთოდ ვეღარ ვაჭრობენ.

თუ სიტუაცია დროში გახანგრძლივდება, ზოგადად ქართული ღვინის ბაზარს დიდი რყევები არ ელოდება, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობის პროცენტული მაჩვენებლები დაიკლებს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ძირითადად, ჩვენი ღვინის მომხმარებლები საქართველოში არიან უცხოელი მომხმარებლები, ტურისტის შემოდინება თუ არ იქნება ღვინოსაც ვერ გავყიდით. თუმცა რაც ახლა ქვეყანაში ხდება, არ მგონია, რომ ტურისტულად მიმზიდველები ვიყოთ", - აცხადებს ირომაშილი.

ცნობისათვის, "ავთანდილის მეღვინეობა" ბრენდად 2021 წელს იქცა. მეურნეობას ორ მიკროზონა და ერთი ადგილწარმოშობა აქვს, რაც საერთო ჯამში 3 ადგილწარმოშობის ღვინის წარმოებას გულისხმობს. ესენია, "ახოები", "საფერავი წარაფი" და "კარდანახი", რომელიც სოფელ კარდანახშია გაშენებული. კომპანია წელიწადში 3000-4000 ბოთლს აწარმოებს, რაც დაახლოებით 10-15 ტონა ყურძნის გადამუშავებას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები