მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წელს „ფრუტერა“ წარმოების 200%-ით ზრდას გეგმავს

ფრუტერა

ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ზოლთან მდებარე ეკოლოგიურად სუფთა ჩირისა და ტყლაპის საწარმო „ფრუტერა“, რომელიც ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე წელს წარმოების 200%-ით ზრდას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან საწარმოს დამფუძნებელმა, დავით გელუტაშვილმა ისაუბრა.

საწარმო გელუტაშვილის საკუთრებაში არსებულ ხეხილის ბაღებში, 336 კვ.მ ფართობზეა აშენებული და 10 სახის ჩირსა და ტყლაპს აწარმოებს სხვადასხვა ხილისგან. შავი ქლიავის, ვაშლის, მსხვლის და ა.შ.

მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საწარმო პროდუქციას საკუთარი ბაღებიდან მოყვანილი ნედლეულით აწარმოებდა, სადაც 20-მდე სახეობის ხილია გაშენებული. მაგრამ მოთხოვნის ზრდის გამო, საჭირო გახდა წარმოების გაფართოება. შესაბამისად, კომპანიამ გასულ წელს, ნედლეული ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებიდან ჩაიბარა.

„წარმოება 2020 წელს დავიწყეთ, ხოლო 2022 წლიდან უშუალოდ ბაზარზე შევედით. ამჟამად, პროდუქციის რეალიზაციას ქსელურ ჰიპერმარკეტ "კარფურსა" და სხვადასხვა მაღაზიებში ხდება.

ნოემბერში ახალი საშრობები შევიძინეთ და ამის გამო, მიმდინარე წელს, წარმოებული პროდუქციის 200%-ით ზრდას ვაპირებთ. მაგალითად ლეღვის ტყლაპისა და ჩირის დამატებას ვგეგმავთ.

საწარმოს სრულად მოსაწყობად 400 000 ლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ, რომელშიც ამჟამად 8 ადამიანია სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული. თუმცა, წარმოების ზრდის შემდეგ, კადრების დამატება იგეგმება.

შარშან, წლის განმავლობაში 30 ტონამდე ნედლეული გადავამუშავეთ. მაგრამ, წელს თუ წარმოებას გავზრდით, ნედლეულის რაოდენობის 1,5-2-ჯერ უნდა გაიზარდოს,“- აცხადებს გელუტაშვილი.

გელუტაშვილი აღნიშნავს, რომ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციისთვის კონკურენციის გაწევა მათთვის გამოწვევაა, თუმცა სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პროდუქციის ერთხელ გასინჯვის შემდეგ, არაერთი განმეორებითი შეკვეთას იღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები