მიმდინარე წელს, აგროტურისტული ობიექტი „ოტიას ეზო“ კრაფტ ლუდის წარმოების 400%-ით ზრდას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ობიექტის დამფუძნებელი, ოტია იოსელიანი აცხადებს.
მისი ინფორმაციით, ლუდზე მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, ობიექტზე საფერმენტაციო ავზების დამატება მოხდა, რის შედეგადაც წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა განხორციელდება. ამ ეტაპზე, ადგილზე საჭირო გახდა დენის სიმძლავრეების ცვლილება და შიდა ელექტროობის გადაკეთება.
„კრაფტ ლუდის ძირითადი ნაწილი ქუთაისში იყიდება, თუმცა ასევე მისი რეალიზაცია თბილისში, რამდენიმე ლუდის მაღაზიაშიც ხდება. ამასთან, ჩვენი მიზანია, რომ პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, მისი რეალიზაცია და დეგუსტაცია ადგილზევე განხორციელდეს.
რაც შეეხება სასტუმროს, რომლის გახსნასაც გასულ წელს ვგეგმავდით, მიმდინარე წელს, გაზაფხულზე გაიხსნება. სასტუმრო „ოტიას ეზოს“ ტერიტორიაზე განთავსდება და 2 კოტეჯს მოიცავს. სასტუმროში 8 ადამიანის მასპინძლობა იქნება შესაძლებელი, ხოლო პროექტში, ჯამურად 30 000 ევროს ინვესტიცია უკვე განხორციელდა,“-აცხადებს იოსელიანი.
გარდა ამისა, აგროტურისტული ობიექტის ტერიტორიაზე მარანი აშენდა, რომელშიც დაახლოებით 50 000-60 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამჟამად, მარანში კოსმეტიკური რემონტი მიმდინარეობს და იგეგმება მისი როგორც სადეგუსტაციო, ამასთან ღვინის დასაყენებელ სივრცედ გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ აგროტურისტულ ობიექტზე სტუმრების 60% სკოლის ექსკურსიებიდან გამომდინარე, ქართველი სტუმრები არიან, ხოლო 40%-ს უცხოელ სტუმრებს წარმოადგენენ. მათ შორის არიან სტუმრები დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან, ასევე ქუთაისის აეროპორტში პირდაპირი მიმოსვლის გამო გააქტიურებულია აბუ-დაბი, ასევე რუსი და უკრაინელი ტურისტები.
ცნობისთვის, "ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრებმა დააფუძნეს. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ. ამასთან, ამ დრომდე ოთხი სახის ღვინოს (ჩხავერი,ოცხანური საფერე, ცოლიკაური, ოჯალეში) აწარმოებდა. რაც შეეხება კრაფტ ლუდს, ამ დროისთვის, მეურნეობაში ხდება როგორც ლუდის ხარშვა, ისე მინის ბოთლებში (330 მლ,550 მლ, 750მლ) ჩამოსხმაც.