მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წელს, ზუგდიდის ახალი ფილიალი ამოქმედდება - „დადარი“

დადარი

ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო „დადარი“ გაფართოვდა და ახალი ფილიალი ზუგდიდში გახსნა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, არჩილ გობეჯიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, ბაზარზე 2018 წლიდან თბილისში არსებული, ერთი ფილიალით ოპერირებდნენ, თუმცა მკვეთრად გაზრდილი საექსპორტო მოთხოვნიდან გამომდინარე, გასულ წელს ახალი საწარმოს, ზუგდიდში გახსნა გადაწყვიტეს.

მისივე ინფორმაციით, წარმოების 98% ექსპორტზე გადის. გერმანელი პარტნიორების დახმარებით კი, პროდუქციის რეალიზაცია მთელ მსოფლიოში ხდება.

„ახალი საწარმოს ზუგდიდში გახსნა, დანიის ლტოლვილთა საბჭოსა (DRC) და პოლონეთი საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და მასში პირველ ეტაპზე, 21000 ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ბიუჯეტი საწარმოო დანადგარების შეძენასა და 11 ადამიანის გადამზადებას მოხმარდა. მიმდინარე წელს, თებერვლიდან უკვე 4 ადამიანი იწყებს აქტიურად მუშაობას, ხოლო წლის ბოლომდე ჯამში საწარმოში 11 ადამიანი იქნება დასაქმებული.

დანიის ლტოლვილთა საბჭო, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო, ზუგდიდში ფართს ფლობდა და მათ გრძელვადიანი პერიოდით ფართი დაგვითმეს. ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი წინაპირობა, რომ ახლაი საწარმო სწორედ ზუგდიდში გახსნილიყო. გარდა ამისა, რეგიონალური განვითარებაც შედიოდა ჩვენს გეგმებში და ესეც ერთ-ერთი ფაქტორი იყო. თან რეგიონებში სამსახურის მაძიებლებიც მეტი არიან, ვიდრე დედაქალაქში და შესაბამისად, ამ კუთხითაც გვინდოდა მათთვის ხელი შეგვეწყო.

საერთო ჯამში, ორივე საწარმოში 30 ადამიანი გვყავს დასაქმებული, თუმცა ზუგდიდის ფილიალში კადრების დამატება კვლავ იგეგმება.

წელს, სრულად ზუგდიდის ფილიალზე ვიქნებით ორიენტირებული და მის სრულად მოწყობისა და აღჭურვისთვის, კიდევ 20 000 ევროს ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ,“- აცხადებს გობეჯიშვილი.

მისი ცნობით, საწარმო სტარტაპიდან ძლიერ ბიზნესში გადასასვლელად ემზადება, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მასშტაბურ პროდუქციას აწარმოებს.

გარდა ამისა, კომპანია კვლავ გეგმავს რეგიონალურ განვითარებას, ვინაიდან ზუგდიდის ფილიალმა აჩვენა, თუ რამხელა პოტენციალი აქვს რეგიონში საწარმოო ხაზის განვითარებას. თუმცა, კონკრეტული რეგიონი ამ ეტაპზე არ სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები