Apple Vision Pro, რომელიც, ოფიციალურად, ჯერჯერობით, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდება, მიმდინარე წლიდან, ჩინეთის ბაზარზეც გაიყიდება, - ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ კუკმა ჩინურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
Apple-ის XR-სათვალის გაყიდვა კომპანიამ მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, ხოლო მოწყობილობის საწყისი ფასი $3,500-ია. ჩინეთის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, Apple Vision Pro-ს კონკურენციაში შესვლა რამდენიმე ჩინურ ბრენდთან მოუწევს.
ტიმ კუკის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მოულოდნელი არ არის, რადგან ამერიკული კორპორაციის ხელმძღვანელი, მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ჩინეთს სტუმრობს, სადაც შანხაიში Apple-ის ახალი მაღაზია მოინახულა და “ჩინეთის განვითარების ფორუმს” დაესწრო, რომელიც პეკინში გაიმართა. თავად ეს ვიზიტი კი იმითაა საინტერესო, რომ მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მიზნით, ბოლო წლებში, Apple-მა წარმოება აზიის სხვა ქვეყნებში დაიწყო, მათ შორის ინდოეთში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასული წლის ბოლო კვარტალში, Apple-ის მთავარი პროდუქტის, iPhone-ის გაყიდვებმა ერთბაშად 13%-ით იკლო, რაც ჩინეთში Huawei-ის აღორძინებას უკავშირდება.