მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წლის ბიუჯეტი 7.8 მლნ ლარით იზრდება

5c07aa8b20905
დათო ჯალაღონია
05.12.18 14:35
594
მთავრობას 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 7.8 მლნ ლარით იზრდება და 12 467.3 მლნ ლარით განისაზღვრება.

კანონპროექტში მოცემულია, კონკრეტულად რომელი უწყებების ხარჯვითი ნაწილი იზრდება და მცირდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება 232.1 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 2.5 მლნ ლარით მეტია. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, საბიუჯეტო სახსრების ნაწილში სამინისტროს დაფინანსება იზრდება 43.5 მლნ ლარით, რაც მიიმართება გუდაურში ახალი საბაგიროების მოწყობის ხარჯებისათვის, ენერგეტიკის პროექტების დონორული დაფინანსება კი, 41 მლნ ლარით მცირდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ხარჯები 12.3 მილიონი ლარით მცირდება და 262.5 მლნ ლარს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, საბიუჯეტო სახსრების ნაწილში სამინისტროს 12,2 მლნ ლარი ემატება, მათ შორის, აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების სამინისტროს მიერ დამატებით შესასყიდი ტექნიკისათვის გათვალისწინებულია 5 მლნ ლარი; მიმდინარე წელს შემოყვანილი სოფლის მეურნეობის ტექნიკისათვის - 13.2 მლნ ლარი; სხვადასხვა პროგრამებში წარმოქმნილი ეკონომიები 6,0 მლნ ლარით მცირდება. ამასთან, უწყების ასიგნებები დონორების დაფინანსების ფარგლებში 24,5 მლნ ლარით მცირდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება ჯამურად 17.5 მლნ ლარით იზრდება. ამასთან, სასწავლო გრანტების დაფინანსებისთვის საბიუჯეტო სახსრები 10 მლნ ლარით იზრდება, თუმცა ამავე ოდენობით მცირდება დონორის დაფინანსებული პროექტი ენერგოეფექტური სკოლების რეაბილიტაციის ნაწილში, ვინაიდან კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული პროექტის განმახორციელებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განისაზღვრა.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დამატებით 45 მლნ ლარი გამოიყოფა დევნილთა სახლების შეძენისათვის, რითაც დამატებით 500-ე მეტი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნება 21 მლნ ლარით იზრდება და 142 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც სტრასბურგსა და ლონდონში საქართველოს დიპლომატიური მისიებისათვის შენობების შეძენისთვის, ასევე საელჩოების ფუნქციონირებისთვის დაიხარჯება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 27 მლნ ლარით, 596.6 მლნ ლარამდე იზრდება, საიდანაც 17 მლნ ლარი სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაზრდას მოხმარდება, 10 მლნ კი - სამინისტროს ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება 4.2 მლნ ლარით იზრდება და 86.2 მლნ ლარით განისაზღვრება. დამატებითი თანხის დახარჯვა სამსახურის აღჭურვისა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისთვის იგეგმება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსების 3 მლნ ლარით ზრდა ასვეე, სამსახურის აღჭურვის ხარჯებისთვის არის გამიზნული.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 5 მლნ ლარით, 807 მლნ ლარამდე იზრდება. დამატებით თანხა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს მოხმარდება.
მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების დაფინანსებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი წელს დამატებით 40 მლნ ლარს მიიღებს და საერთო ჯამში, უწყების ბიუჯეტი 300 მლნ ლარით განისაზღვრება.

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები 10 მლნ ლარით იზრდება და 60 მლნ ლარით განისაზღვრება. როგორც განმარტებით ბარათშია მოცემული, ზრდა ძირითადად გამოწვეულია არჩევნების მეორე ტურის დაფინანსების, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში 10%-ზე მეტი ხმების მიმღები სუბიექტებისთვის საარჩევნო კოდექსით განსაზრვრული თანხების ანაზღაურებით.

ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით სახსრებს თბილისის მუნიციპალიტეტიც მიიღებს, რისთვისაც გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა 170.0 მლნ ლარით იზრდება. აღნიშნული თანხიდან 120 მლნ ლარი ახალი ავტობუსების შეძენისთვის დაიხარჯება, 50 მლნ კი - ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტების დაფინანსებისთვის.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები