მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიმდინარეობს ანალიზი, რომელ სკოლას სასკოლო კვების უზრუნველყოფის რომელი მოდელის განხორციელება შეუძლია" - ანგარიში

სს

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანალიტიკური სამუშაოები, რის საფუძველზეც განისაზღვრება რომელ სკოლას სასკოლო კვების უზრუნველყოფის რომელი მოდელის განხორციელების შესაძლებლობა ექნება, - ამის შესახებ წერია განათლების და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარის ანგარიშში, რომელიც მან პარლამენტს წარუდგინა.

ანგარიშში სკოლებში კვების დანერგვასთან დაკავშირებით არის საუბარი და აღნიშნულია, რომ სასკოლო სისტემის კვების ასაწყობად განსავითარებელია ბევრი კომპონენტის ერთობლიობა: ინფრასტრუქტურა, მომწოდებელთა ქსელი, სტანდარტები, კვალიფიციური პერსონალი და ა.შ.

„საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და პარტნიორ სამინისტროებთან თანამშრომლობით რამდენიმე წელია ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლის მიზნით, საქართველო გაწევრიანდა „კვება, ჯანმრთელობა და განათლება ყველა ბავშვისთვის“ სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში (School Meals Coalition) და განსაზღვრა ეროვნული ვალდებულებები.

სასკოლო ინფრასტრუქტურის შესწავლისა და სასკოლო საზოგადოების დამოკიდებულებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ პირველ ეტაპზე გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა სკოლების ნაწილში მოქმედი ბუფეტებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. პარტნიორი სამინისტროებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები.

დამტკიცდა „სასკოლო კვების პროგრამა“, რომლის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე განხორციელდა ადგილობრივი საჭიროებების დეტალური კვლევა სასკოლო კვების ორგანიზების მოდელების შესარჩევად. შეიქმნა შესაბამისი ჯგუფი, განისაზღვრა სამუშაოების დეტალური გეგმა, მომზადდა კითხვარი და განხორციელდა საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით. ჯგუფის მიერ თითოეულ სკოლაზე შეგროვდა საჭირო ინფორმაცია და ფოტომასალა კვების მოდელების შესაბამისობის დასადგენად, სკოლების შესაძლებლობებთან და პოტენციალთან მიმართებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანალიტიკური სამუშაოები, რის საფუძველზეც განისაზღვრება რომელ სკოლას სასკოლო კვების უზრუნველყოფის რომელი მოდელის განხორციელების შესაძლებლობა ექნება“ , - წერია მინისტრის ანგარიშში, რომელსაც ის დეპუტატებს მინისტრის საათის ფორმატში, ხვალ გააცნობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები