მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიმდინარეობს ცრუ კამპანია, თითქოს მერიაა დამნაშავე" - კალაძის მიმართვა თვალჭრელიძის N1-ში გამოსახლებაზე

2323

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც დღეს, თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.

საქმე ისაა, რომ დღეს, 24 ივლისს თბილისში თვალჭრელიძის ქ. N1-ში იძულებით გამოსახლების პროცესი დაიწყო. მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. დღის განმავლობაში ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის აქტივისტები.

კალაძემ განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობა-ნაგებობები კერძო საკუთრებაშია და არც მუნიციპალიტეტის და არც იქ შეჭრილი ადამიანების საკუთრებას არ წარმოადგენს.

„გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ვიდეომიმართვა იქიდან გამომდინარე, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობიდან გამოჰყავთ ადამიანები, რომლებიც შეჭრილები არიან აღნიშნულ შენობაში. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ცრუ კამპანია, ცილისწამება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მერიაა დამნაშავე იმაში, რაც ხდება. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები არის კერძო საკუთრებაში და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, არც იქ შეჭრილი ადამიანების საკუთრებას. ამის მიუხედავად, მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციურ მედიაში და სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია - „ნახეთ, კალაძე, მერია როგორ ყრის მოსახლეობას საცხოვრებელი ფართებიდან", - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ განმარტა, თვალჭრელიძის N1-ში მცხოვრები თბილისში რეგისტრირებული ცხრა ოჯახიდან მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მხოლოდ სამი დათანხმდა, მათგან ორი ქირით დაკმაყოფილდა, ერთს უარი ეთქვა, საკუთრებაში დაფიქსირებული უძრავი ქონების გამო. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ ქირით გასვლაზე უარი განაცხადეს.

„რა შეუძლია მუნიციპალიტეტს ამ შემთხვევაში და რას სთავაზობს მოსახლეობას მერია - პირველ რიგში, ესაა ქირით უზრუნველყოფა, რასაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როდესაც აღნიშნული შენობა თვითნებურად დაიკავეს, დედაქალაქში რეგისტრირებულ ყველა პირს სთავაზობდა სამგორის გამგეობა. იყო უარი ამასთან დაკავშირებით. მათ, ასევე, შეხვდნენ თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს წარმომადგენლები. გვაქვს ოქმები ამ ადამიანების ხელმოწერებით, სადაც უარს აცხადებენ ქირით გასვლაზე. თბილისში რეგისტრირებული იყო 9 ოჯახი, მხოლოდ სამმა ოჯახმა გამოთქვა თანხმობა, სამგორის გამგეობისგან მიეღოთ შეთავაზება ქირით უზრუნველყოფაზე. სამი ოჯახიდან ორი დათანხმდა და ერთზე ვერ მოხდება ქირით უზრუნველყოფა, რადგან მას უფიქსირდება გარკვეული ქონება. შესაბამისად, ორის გაყვანის უზრუნველყოფას მოახდენს მუნიციპალიტეტი. რაც შეეხება დანარჩენ ოჯახებს, მათ არ გააჩნიათ თბილისში რეგისტრაცია, შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტი მოკლებულია ყოველგვარ ბერკეტს, ჩაერთოს მათი პრობლემის მოგვარებაში.

წარმოგიდგენთ ოქმებს, სადაც დაფიქსირებულია ქირაზე უარი, მათივე ხელმოწერებით. ასევე, სრულიად აბსურდულია ის ტყუილი, რაც მოვისმინეთ, თითქოს მერია სთავაზობს ხალხს 3 თვით ქირის გადახდას. არ მინდოდა ამ დეტალებში შევსულიყავი, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხალხი მოატყუოს. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კერძო ტერიტორიაზე აღრიცხულია უკანონოდ შეჭრილი 200-ზე მეტი პირი. მათგან 58 მოქალაქეს გააჩნია დევნილის სტატუსი და უმეტესობა უკვე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოსგან, დანარჩენებზე კი მიმდინარეობს შესაბამისი პროცესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რომ უსახლკაროს სტატუსის მოპოვების შემდეგ, ყველა მსგავსი სტატუსის მქონე ადამიანი ეტაპობრივად მიიღებს საცხოვრებელს.

„შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს გააჩნია უსახლკაროთა პროგრამა, ყველა, ვისაც აქვს უსახლკაროს სტატუსი, ეტაპობრივად მიიღებს საცხოვრებელ ფართს. 2021 წელს საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას დავპირდი, რომ არც ერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ადამიანი არ დარჩებოდა ბინით უზრუნველყოფის გარეშე. 400-მდე ასეთი ოჯახი იყო და შემოდგომისთვის ყველა იქნება დაკმაყოფილებული. რაც შეეხება უსახლკაროს სტატუსის მიღებას, ამას აქვს თავისი წესები და რა თქმა უნდა, მოქალაქე, რომელიც აკეთებს განაცხადს უნდა აკმაყოფილებდეს იმ ყველა წესს, რაც კანონითაა გაწერილი“, - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ წარმოადგინა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია აღნიშნული შენობა-ნაგებობების ავარიულობა.

„მინდა კარგად ნახოთ, რა საფრთხის მქონე შენობებზეა საუბარი, გაჩვენებთ ფოტოებს. აი, აქედან მოსახლეობის იძულებით გაყვანა ყოფილა დანაშაული. გახსოვთ ის ბრალდებები, შეურაცხყოფა და თავდასხმა, რაც სულ ახლახან სადგურის მოედნის მიმდებარედ სახლის ჩამოშლას მოჰყვა. ზუსტად ის ხალხი, ვგულისხმობ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, ე.წ. ექსპერტებს, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გვლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით იმ კორპუსის მცხოვრებლები ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობებიდან ხალხის იძულებით გაყვანა, არის დანაშაული. თანაც ეს მათი საკუთრება არ არის. ეს იგივეა თქვენს საცხოვრებელში შემოიჭრას ვინმე, მიმართოთ სახელმწიფოს და სახელმწიფომ არ იმოქმედოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თვალჭრელიძის ქ. N1-ში იძულებით გამოსახლების პროცესი პროტესტის პარალელურად მიმდინარეობს. აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, საუბარია ამორტიზებული შენობა-ნაგებობაზე, სადაც 150-მდე ოჯახი, მათ შორის დევნილები ცხოვრობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები