Fitch Ratings-ის საბანკო განყოფილების უფროსი არტემ ბეკეტოვი ამბობს, რომ მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემოს გამო, საქართველოში სოციალური პროტესტის გავლენა მოსალოდნელზე სუსტი იყო. მან ამის შესახებ "ანალიტიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოს საბანკო სისტემის შესახებ 2026 წლის პერსპექტივების შემაჯამებელი დოკუმენტის მიგნებებზე ისაუბრა.
"პირველი, რაც უნდა იცოდეთ ის არის, რომ საქართველოს ბანკები შთამბეჭდავად მედეგები აღმოჩნდნენ პოლიტიკური დაძაბულობის და სოციალური პროტესტის მიმართ და ჩვენი აზრით, ამის მთავარი მიზეზი მაღალი ეკონომიკური ზრდაა. მაღალი ეკონომიკური ზრდა ედება საფუძვლად ბანკების გაფართოების სტრატეგიებს, მათ მოგებას და მეორე მხრივ, ძლიერი მშპ აძლიერებს ნდობას და თავდაჯერებას მომხმარებლებში, ინვესტორებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სწორედ პოლიტიკური დაძაბულობების შემთხვევაში. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემოს გამო, სოციალური პროტესტის გავლენა მოსალოდნელზე სუსტი იყო. ეს არის ნომერ პირველი დასკვნა.
ნომერ მეორე დასკვნაა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კოვიდის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ბანკები ფუნდამენტურად გაძლიერდნენ. აქაც, ვსაუბრობ პოსტ–კოვიდურ პერიოდში ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, დადებით გადადინების ეფექტზე, რაც საქართველოს ეკონომიკამ რუსეთ–უკრაინის ომის პირობებში მიიღო. საქართველოს მშპ–ის ზრდამ 2022–2024 წლებში საშუალოდ 9–10%–ს მიაღწია. ამის მთავარი მიზეზი არის ადგილობრივი მოხმარება, ტურიზმი და ICT სექტორები, მიგრანტების დიდი ტალღა რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან 2022-2023 წლებში და საქართველოს გაძლიერებული როლი ტრანზიტში. ამ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბანკების საკვანძო მაჩვენებლები – განსაკუთრებით კაპიტალიზაცია, მომგებიანობა, აქტივების ხარისხი, დაფინანსება. სულ მცირე ეს ორი დასკვნა უნდა იცოდეთ იმასთან მიმართებით, რომ შეაფასოთ საქართველოში ბანკების მდგომარეობა",- განაცხადა არტემ ბეკეტოვმა.
სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 4 ქართული ბანკის რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა.




























