"ოცნების" მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ “ოცნების” მთავრობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქარსელაძემ მას თანამდებობიდან წასვლის თხოვნით გუშინ მიმართა. მიზეზი ბრიფინგზე არც კობახიძეს და არც თავად ქარსელაძეს არ დაუსახელებია.
აღსანიშნავია, რომ ქარსელაძეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაყოფის შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უნდა ჩაებარებინა. ის 19 აპრილის ბრძანებით ამ თანამდებობაზე უკვე იყო დანიშნული. მანამდე კი, ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 22 თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.
ბრიფინგზე საუბრისას, თავად ქარსელაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და "ოცნების" გუნდს.
"წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ამ შესაძლებლობებისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად ოცნების გუნდს. უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რაც მივიღეთ. ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდა. შეუძლებელი იქნებოდა ამ ამოცანების შესრულება, რომ არა ერთიანი ძალისხმევა და გუნდი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამთავრობო გუნდს", - განაცხადა ქარსელაძემ.
ცნობისთვის, ქარსელაძის შემცვლელად რევაზ სოხაძე დაინიშნა.




























