ფინანსური განათლებიდან ივენთინდუსტრიაში გადასვლა უცხო ქვეყანაში პროფესიული გამბედაობის ერთ-ერთი მაგალითია. ანა ღვინიაშვილი რომელიც წლების განმავლობაში რითეილის სექტორში საქმიანობდა, ახლა კი ნიუ იორკში საკუთარი ივენთკომპანიის დაარსებაზე მუშაობს საერთაშორისოდ ცნობილი Marriott-ის ქსელის ერთ-ერთ სასტუმროში ივენთმენეჯერად მუშაობს.
„ასეთი დიდი ცვლილება სპონტანური ნამდვილად არ ყოფილა. მინდოდა, მქონოდა საქმე, რომელიც კრეატიულობასთან, ესთეტიკასთან, ადამიანებთან უშუალო კავშირთან და ემოციებთან იყო დაკავშირებული. ივენთმენეჯმენტი სწორედ ეს სფეროა ჩემთვის.“
საქართველოში ანა რვა წლის განმავლობაში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა. ამ გამოცდილებამ მას მისცა მყარი საფუძველი ორგანიზაციული, ანალიტიკური და სტრატეგიული უნარების გასავითარებლად. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, გრძელვადიან პერსპექტივაში თავს ყოველთვის სხვა სფეროში ხედავდა.
“ყოველთვის ვიცოდი, რომ ღონისძიებების დაგეგმვა იყო ის საქმე, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. პირად წრეშიც არაერთი გამორჩეული ღონისძიება მქონდა ჩატარებული, მაგრამ მივხვდი, რომ ეს უნდა გადამექცია პროფესიულ საქმიანობად — არა მხოლოდ ემოციის, არამედ პროფესიული განათლების დონეზეც. ამიტომ, გადავწყვიტე, განათლება აშშ-ში სტუმართმოყვარეობის ფაკულტეტის ერთ-ერთ სკოლაში მიმეღო“— აცხადებს ანა ღვინიაშვილი.
მან ნიუ იორკის უნივერსიტეტის (NYU) Event Management-ის სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა და სწავლის პარალელურად მუშაობა - NYU-ს ივენთმენეჯერის ასისტენტად დაიწყო ხოლო შემდეგ კარიერა Marriott-ის ქსელის სასტუმროში გააგრძელა, სადაც დღეს უკვე ივენთმენეჯერის პოზიციას იკავებს. სწავლის პარალელურად მუშაობამ უდიდესი გამოცდილება და კონტაქტები შესძინა, რამაც მის კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ამჟამად ანა უკვე მუშაობს საკუთარი კომპანიის დაფუძნებაზე, რომელიც გათვლილი იქნება მრავალეთნიკურ აუდიტორიაზე და იმ ბაზრის სეგმენტზე, რომელიც დღეს ნაკლებად არის ათვისებული.
„ნიუ იორკი მრავალფეროვანი კულტურების ქალაქია, ჩემი მიზანია, შევქმნა ისეთი ივენთ-კომპანია, სადაც უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება ყველა ის კულტურული ღირებულება და ტრადიცია, რომელიც ხშირად იკარგება მასიურ მარკეტზე გათვლილი ღონისძიებების მოწყობისას. რომელიც კულტურულად სენსიტიური იქნება. თანაც, ახალი კომპანია არ იქნება მხოლოდ კომერციულ მოგებაზე ორიენტირებული - დაგეგმილია შემოსავლის წილი სწორედ კულტურული უმცირესობებისთვის ღონისძიებების დაგეგმვასა და სხვა ინიციატივებს მოხმარდეს.
ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყებაზე. ძალიან მალე ნიუ იორკში ოფიციალურად დაანონსდება ძალიან საინტერესო ღონისძიებები. სწორად ამ ღონისძიებებზე გავაცნობთ კომპანიას საზოგადოებას“ - ამბობს ანა ღვინიაშვილი.
მისი შეფასებით, ნიუ იორკში მოთხოვნა ხარისხიან და პერსონალიზებულ ივენთმენეჯმენტზე - მზარდია. სწორედ ამიტომ, კონკურენტულ გარემოშიც კი, სწორი პოზიციონირებით და გრძელვადიანი ხედვით, შესაძლებელია კომპანიამ თავი დაიმკვიდროს.
“ეს არ არის ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის საქმე რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი მიზანია, თითოეული პროექტი ადამიანური ისტორიების გარშემო აიგოს. ასეთ პროექტს გრძელვადიან პერსპექტივაში კონკურენციის არ შეეშინდება,” — აცხადებს ანა ღვინიაშვილი.


























