"ამ ახალ წელს მინდა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა: რა გავაკეთე პირადად მე, რომ ქვეყანაში გადამერჩინა დემოკრატია და ადამიანის უფლებები?" - ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, საჯარო სივრცეში თვითგამოხატვის სხვადასხვა ხერხი არსებობს - სოციალურ მედიაში აქტიურობა (მაგ., პოსტის დაწერა), საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, პეტიციაზე ხელის მოწერა, არჩევნებზე საკუთარი ნების დაფიქსირება და ა.შ.
"და თუ არც ერთი საჯარო აქტივობა არ განმიხორციელებია, მაშინ ჩემი სოციალური არსებობის არსი რაში გამოიხატება?
კულუარული "აქტიურობის" (სამზარეულოში, სხვა არაფორმალურ სივრცეებში) მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალია, მას არ გააჩნია მიმბაძველობის, გადამდებობის პოტენცია და თითქმის უშედეგოდ იფანტება.
საჯარო აქტიურობა აყალიბებს პროტესტის სოციო-კულტურულ სტანდარტს, საპროტესტო სოციალიზაციის სტაბილურ და ხანიერ ჩარჩოს, რომელიც აუცილებელია რეალური ცვლილებების მისაღწევად.
არაფორმალურ გარემოებებში პროტესტი ფსევდოპროტესტად გადაიქცევა და აუცილებლად განილევა.
მეტ საჯარო აქტიურობას, ანუ "მეტ" მოქალაქედ ყოფნას გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც!",- წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.




























