გუშინ მინეაპოლისში, აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის (ICE) აგენტებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 37 წლის ალექს პრეტი. შემთხვევამ, რომელიც მიმდინარე თვეში ფედერალური ძალების მიერ მოქალაქის მკვლელობის უკვე მეორე ფაქტია, ქალაქში მასშტაბური პროტესტი და ადგილობრივი ხელისუფლების მძაფრი რეაქცია გამოიწვია - ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი მომხდარს თავდასხმად აფასებს. დეპარტამენტის განცხადებით, სასაზღვრო პატრულის აგენტმა ცეცხლი თავდაცვის მიზნით გახსნა, რადგან მამაკაცი მათ იარაღით მიუახლოვდა და განიარაღებისას წინააღმდეგობა გაუწია. თვითმხილველების მიერ გადაღებული და Reuters-ის მიერ გადამოწმებული ვიდეოკადრები ოფიციალურ ვერსიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
მინეაპოლისის პოლიციის უფროსმა, ბრაიან ო’ჰარამ დაადასტურა, რომ მოკლულ ექთანი იარაღს კანონიერად ფლობდა და მას წარსულში არანაირი კრიმინალური ისტორია არ ჰქონია.
მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლზი მომხდარს „ამაზრზენს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ფედერალურ მთავრობას გამოძიების ჩატარებაში არ ენდობა. მისი თქმით, საქმეს შტატის შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ.
„ვნახე ვიდეო სხვადასხვა რაკურსით და ეს ამაზრზენია. ფედერალურ მთავრობას არ შეიძლება ვენდოთ ამ გამოძიების წარმართვაში, ამას შტატი მიხედავს“, - განაცხადა უოლზმა.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადგილობრივი ლიდერები „ამბოხის გაღვივებაში“ დაადანაშაულა და მათ რიტორიკას „პომპეზური და სახიფათო“ უწოდა. შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა კი აღნიშნა, რომ პრეტი ადგილზე არა მშვიდობიანი პროტესტისთვის, არამედ „ძალადობისთვის“ იმყოფებოდა.
მკვლელობის შემდეგ მინეაპოლისის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა. ფედერალურმა აგენტებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. სოლიდარული აქციები გაიმართა ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოშიც.
დაძაბული ვითარების გამო, NBA-მ „მინესოტა ტიმბერვულვზის“ მატჩი გადადო და მინეაპოლისის ხელოვნების ინსტიტუტი უსაფრთხოების მოტივით დაიხურა.
ცნობისთვის, ეს მინეაპოლისში ICE-ის მიერ აშშ-ს მოქალაქის მკვლელობის მეორე შემთხვევაა - 8 იანვარს ICE-ის ოფიცერმა დაკავების ოპერაციის დროს 37 წლის ქალი, ნიკოლ გუდი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. სწორედ მას შემდეგ დაიწყო პროტესტი შტატში.

























