მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინიმალური კრიტერიუმები აუცილებელია, თუმცა არ უნდა იყოს მძიმე - ტაბატაძე უცხოელებისთვის სამუშაო უფლების შემოღებაზე

მედეა ტაბატაძე

უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით, "ქართული ოცნება" „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონს ამკაცრებს.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც ერთპარტიულ პარლამენტს უკვე წარედგინა და დაჩქარებულად განიხილება, შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი. ამასთან, დამრღვევი მიგრანტებისთვის ჯარიმა შემოდის, ხოლო დამსაქმებლებისთვის - იზრდება.

საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი ინიციატივის შეფასებისას BMG-სთან აცხადებს, რომ შრომითი მიგრაციის მიმართულებით გარკვეული მაკონტროლებელი ბერკეტები უნდა არსებობდეს.

თუმცა მედეა ტაბატაძე ამბობს, რომ უცხოელებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების მოსაპოვებლად მკაცრი კრიტერიუმები არ უნდა გაიწეროს. მისივე თქმით, კანონის აღსრულებისას გარკვეული გამოწვევაც იქნება, მათ შორის, ბუნდოვანია, როგორ უნდა დაასაბუთოს ბიზნესმა, რომ კონკრეტულ სფეროში უცხოელი მუშახელის დასაქმების საჭიროება მართლაც დგას.

“ჩემი აზრით, გარკვეული მაკონტროლებელი მექანიზმები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ [შრომითი] მიგრაცია რამენაირად დათვლადი და გაზომვადი გახდეს. ამ კანონპროექტის თანახმად, საუბარია გარკვეული კრიტერიუმების შემუშავებაზე,რის საფუძველზეც ქვეყანაში იმიგრანტი სამუშაო ძალის შემოყვანა შეიძლება მოხდეს. ერთი მხრივ, ეს ალბათ რისკებს შეამცირებს, ვინ შეიძლება შემოვიდეს საქართველოში, მეორე მხრივ, ბიზნესისთვისაც რისკებს შეამცირებს, ექნება თუ არა ამ კონკრეტული სამუშაოს შესრულების იმიგრანტს კომპეტენციები.

თუმცა აქვე ისმება კითხვა, როგორ დაასაბუთებს ბიზნესი, რომ რაღაც პოზიციებზე სამუშაო ძალა დეფიციტურია და ამიტომაც მას სჭირდება მიგრანტის დასაქმება? ამიტომ ცოტა რთული მექანიზმები შეიძლება არსებობდეს ბუნებაში უცხოელი სამუშაო ძალის სამართავად, მაგრამ რაღაცა მინიმალური მაკონტროლებელი ბერკეტები ალბათ აუცილებელია იყოს ადგილზე, თუმცა ეს კრიტერიუმები არ უნდა იყოს მძიმე.

სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიძლება სხვადასხვა კრიტერიუმები იყოს გამოყენებული, მაგალითად, რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა, საიდანაც შემოდის იმიგრანტი, უმუშავია თუ არა მას იმ სამუშაოზე, რისთვისაც აქ ჩამოდის, რამდენ წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და, რა თქმა უნდა, მერე ის საბუთები, რომელიც ადასტურებს, რომ მას არ ექნება პრობლემა სამართალდამცველ ორგანოებთან მასპინძელ ქვეყანაში”, - განაცხადა მედეა ტაბატაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები