საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფიჯიზე, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ივანე მაჭავარიანმა ვიზიტის ფარგლებში "ფაინენშელ თაიმსის" ჯგუფში შემავალ გამოცემას – fDi Magazine-ს ინტერვიუ მისცა.
"ქვეყანა, რომლის ეკონომიკა სოლიდური ტემპით იზრდება და მსოფლიო ბანკის ბიზნესის მარტივად კეთების რეიტინგის ათეულშია", – ასე წარადგინა წამყვანმა საქართველოს პირველი ფინანსისტი.
მინისტრთან საუბარში ჟურნალისტმა ტურიზმის განვითარების მხრივ საქართველოსა და ფიჯის შორის მსგავსებას გაუსვა ხაზი. წამყვანი დაინტერესდა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პრიორიტეტებითაც. მან მინისტრს ჰკითხა, რამდენად რეალურია, საქართველო რეგიონის ეკონომიკური ჰაბი გახდეს.
"მართლაც, საქართველო და ფიჯი საერთო ხედვას იზიარებენ ტურიზმთან დაკავშირებით. ტურიზმი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია. ბოლო რამდენიმე წელიწადში საქართველომ ძალიან დიდი ბენეფიტი მიიღო ტურიზმის ინდუსტრიიდან. ერთ მაგალითს გეტყვით, შარშან ჩვენ ვუმასპინძლეთ ორჯერ მეტ ტურისტს, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობაა. ტურიზმი იზრდება და ფართოვდება, მჯერა, რომ ეს პროცესი ასე წარიმართება, მაგრამ არსებობს გამოწვევები: პირველი საკითხია, რომ უნდა იყოს ჯანსაღი ბალანსი ტურიზმსა და გარემოსდაცვით მდგრადობას შორის, მეორეა ტურიზმის დივერსიფიკაცია იმისთვის, რომ მასობრივ ტურიზმთან ერთად განვითარდეს დარგობრივი ტურიზმი. ასევე, გასათვალისწინებელია რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარება და ასევე, როგორც იცით, საქართველო სტაბილური ქვეყანაა, ძლიერი ინსტიტუტებით, მაგრამ საკმაოდ ტურბულენტურ რეგიონში ვართ. მინიმალურმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შესაძლოა, ტურიზმის ინდუსტრია მთლიანად გაანადგუროს, ჩვენ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ.
შარშან ბიზნესის კეთების კუთხით საქართველოს რეიტინგი გავაუმჯობესეთ, მეცხრე ადგილიდან გადავედით მეექვსეზე. სხვა რეიტინგებშიც საკმაოდ კარგი პოზიციები გვაქვს, მაგალითად, ღია ბიუჯეტის ინდექსში მეხუთე პოზიციაზე ვართ მსოფლიოში. ჩვენი საგადასახადო ტვირთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქია. ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა, იყოს კლიმატი ინვესტიციებისთვის და ამისგან რა თქმა უნდა, ჩვენ ბენეფიტს ვიღებთ. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ვიყავი ვიზიტით, და თუ შეხედავთ მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვას, (აუთლუქს) რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ არის გამოქვეყნებული, საქართველო აშკარა ლიდერია რეგიონში, პოზიტიური კუთხით, რა თქმა უნდა. ჩვენი ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნების და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს გარშემო ნავთობით მდიდარი ქვეყნებია. მთავრობამ უნდა განაგრძოს ინსტიტუციების გაძლიერება. ბიზნესგარემო ინვესტორებისთვის ძალიან მოსახერხებელია. ტურიზმთან ერთად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელია. მჯერა, რომ ჩვენ ამ პოზიციას შვეინარჩუნებთ და უფრო სოლიდური, ძლიერი და მყარი გავხდებით.
ჩვენი ნომერი პირველი პრიორიტეტი ეკონომიკის დივერსიფიკაციაა. ეს მიზანი მიღწეული გვაქვს, როდესაც ვსაუბრობთ, მაგალითად, ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებზე. ჩვენი ექსპორტი საკმაოდ დივერსიფიცირებულია. ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი შარშან, ის თითქმის 25 პროცენტით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი, ზრდა 30 პროცენტთან არის ახლოს. ჩვენი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, რომელიც დიდი გამოწვევა იყო, საკმაოდ დაბალი ნიშნული აქვს და ბოლო სამ წელიწადში ეტაპობრივად მცირდება. სარეიტინგო სააგენტოებმა ამ ფაქტს ხაზი უკვე გაუსვეს და ერთი საფეხურით გააუმჯობესეს ჩვენი რეიტინგი. დივერსიფიკაცია შესამჩნევია ყველა სექტორში. თუ შეხედავთ ინვესტიციებს, არ ვართ დამოკიდებული ერთ ქვეყანაზე, ან ერთ პროდუქტზე, ეს ერთგვარი სიძლიერეა.
იმედი მაქვს, რომ საქართველო ბევრი მიმართულებით გახდება ჰაბი, ასევე ელექტრომანქანების წარმოების კუთხითაც. თუ ხართ საქმის კურსში, ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძლიერი ინიციატივა განათლებასთან დაკავშირებით. გვჯერა, რომ ეს არის ის საკითხი, რაზეც უნდა იყოს მიმართული ჩვენი ყურადღება. ეს თავიდან აგვაცილებს იმ პრობლემას, რაც საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს გააჩნიათ. ინიციატივა მდგომარეობს იმაში, რომ 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 6 პროცენტი იყოს მიმართული განათლების სფეროზე და მჯერა, რომ ელექტრომობილები და მაღალტექნოლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ამას ავტომატურად, ბუნებრივად მოყვება", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

























