მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინიმუმ 20-25 ათასი ტონა საექსპორტო მანდარინი ვერ გავა უბრალოდ ექსპორტზე" - ბიზნესი ნარინჯისფერი რთველის პროგნოზებზე

მანდარინი

საქართველოში წელს დაახლოებით 80 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი, საიდანაც მინიმუმ 20-25 ათასი ტონა ექსპორტზე ვერ გავა. ამის შესახებ „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორმა ვაჟა მკურნალიძემ BM.GE-ს განუცხადა.

მისი შეფასებით, ციტრუსის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპორტზე გატანა კვლავ გამოწვევად რჩება. როგორც ის ამბობს, ერთი მხრივ, დასავლეთ საქართველოში მოსავალი 80 ათას ტონამდე იქნება, მეორე მხრივ კი, ექსპორტის მაქსიმალური მოცულობა, რომელიც მკურნალიძეს ახსოვს, 35 ათასი ტონაა - ისიც უკრაინაში ომის დაწყებამდე.

„დაახლოებით 10 ათას ტონას საკონსერვო საწარმოები გადაამუშავებს, დაახლოებით 10 ათასი ტონა ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება და დაახლოებით 25-30 ათასი ტონა ციტრუსი... მინიმუმ 20-25 ათასი ტონა საექსპორტო მანდარინი ვერ გავა უბრალოდ ექსპორტზე“, - აცხადებს ვაჟა მკურნალიძე.

მისი განმარტებით, მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობებზე გავლენას ახდენს საექსპორტო ბაზრების არაპროგნოზირებადობაც. მკურნალიძის განმარტებით, უკრაინაში ომის დაწყებამდე ეს ქართული ციტრუსის ერთ-ერთი ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი იყო, თუმცა ბოლო წლებში ბაზრების დივერსიფიკაციის პირობებში ექსპორტის მოცულობის წინასწარ განსაზღვრა გართულდა.

მკურნალიძე ყურადღებას ამახვილებს რეალიზაციისთვის განკუთვნილ მოკლე პერიოდზეც. მისი თქმით, საექსპორტო ციტრუსის 80-90% ახალ წლამდე, ძირითადად, 26-27 დეკემბრამდე იყიდება, წლის შემდეგ კი ექსპორტზე მხოლოდ მცირე რაოდენობა გადის. დარჩენილი პროდუქციის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ნაწილი კი ფუჭდება.

„ბოლო წლებში, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბაზრების დივერსიფიკაცია არაპროგნოზირებადი ხდება. ვერავინ იტყვი წინასწარ, რა მოხდება. ამ ვითარებაში რეალიზაციის პერიოდი მაქსიმალურად შემჭიდროებულია, რადგან საექსპორტო პროდუქციის 80-90% ახალ წლამდე, დაახლოებით 26-27 დეკემბრამდე იყიდება. ახალი წლის შემდეგ ექსპორტზე პროდუქციის ძალიან მცირე რაოდენობა გადის. რაც ამ დროისთვის რჩება, ის ან ადგილობრივ ბაზარზე უნდა გაიყიდოს, ან გაფუჭებისა და გადაყრის რისკის წინაშეა. სამწუხაროდ, ბოლო ორი-სამი წლის სტატისტიკაც ასეთ რეალობაზე მიუთითებს. ოფიციალური ციფრები შეიძლება სხვა სურათს აჩვენებდეს, მაგრამ რეალობა განსხვავებულია“, - აცხადებს მკურნალიძე.

მისი შეფასებით, მოსავლის აღების დაგვიანება ფერმერებს რეალიზაციისთვის დარჩენილ პერიოდს კიდევ უფრო შეუმცირებს, რაც ბაზარზე ჭარბი მიწოდებისა და ფასების მერყეობის რისკს ზრდის.

„ადრემწიფებადი ჯიშები ფერმერებს მცირე რაოდენობით აქვთ და ეს ბაზარზე საერთო სურათს ვერ ცვლის. ვისაც ასეთი ჯიშები მოჰყავს, ისინი, ალბათ, ერთი კილოგრამის რეალიზაციას ლარ-ნახევრად მაინც ახერხებენ. რაც შეეხება ჩვეულებრივ, მასობრივ მოსავალს, ჩემი ვარაუდით, ნორმალური ხარისხის საექსპორტო მანდარინის ფასი 1.20-1.30 ლარის ფარგლებში იქნება. ეს მეტ-ნაკლებად ნორმალური ფასია, მაგრამ მისი შენარჩუნება გამორიცხულია, რადგან შემდეგ ბაზარზე ჭარბი პროდუქცია ჩნდება“, - ამბობს ის.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 12 მლნ 826 ათასი დოლარის ღირებულების ციტრუსის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41.4%-ით მეტია. ამასთან, იმპორტირებული ციტრუსის მოცულობა 34.2%-ით გაიზარდა და 18 498 ტონა შეადგინა. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 9 მლნ 68 ათასი დოლარის ღირებულების, 13 779 ტონა ციტრუსი შეიძინა.

2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ციტრუსის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია. ქვეყნიდან 6 მლნ დოლარის ღირებულების, 9 719 ტონა პროდუქცია შემოვიდა. მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე ირანია, საიდანაც 2 მლნ 500 ათასი დოლარის ღირებულების, 4 541 ტონა ციტრუსის იმპორტი განხორციელდა.

ტოპ ხუთეულში ასევე შედიან:

  • სამხრეთ აფრიკა - 1 მლნ 400 ათასი დოლარი, 1 207 ტონა;
  • ეგვიპტე - 1 მლნ 300 ათასი დოლარი, 2 121 ტონა;
  • ნიდერლანდები - 895 ათასი 500 დოლარი, 383 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები