"მინიმუმამდე დავიყვანთ შემთხვევებს, როდესაც უცხოელი მუშახელი ანაცვლებს ქართველებს. შეგვიძლია და გავაკეთებთ ამას" - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ ის სექტორები გამოყო, სადაც უცხოელი მუშახელი ქართველს იაფი მომსახურებით ანაცვლებს და ისაუბრა შემთხვევებზეც, როდესაც პირიქით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაქირავება საჭიროა.
"რაც შეეხება შრომის ბაზარს, რა თქმა უნდა, აქ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან მკაფიო. სადაც უცხოელი მუშახელი ანაცვლებს ქართველს, იქ უნდა გავატაროთ მკაცრი პოლიტიკა და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. არის ასეთი ვითარება ე.წ. მიტანის სერვისში, სადაც ეს ტენდენცია აშკარად ჩანს, რომ უცხოელი მუშახელი მზად არის, უფრო იაფად მოემსახუროს კომპანიებს და ისინი ანაცვლებენ ხოლმე ქართველ მუშახელს. სწორედ ამისთვის იქნა მიღებული კანონი, რომელიც პირველი მარტიდან ამოქმედდება. სადაც არის ეს პრობლემა, უცხოელი მუშახელი ანაცვლებს ქართველს, უნდა გვქონდეს მკაცრი პოლიტიკა და ვიზრუნოთ ამ ყველაფრის პრევენციაზე.
მაგრამ ასევე არის სფეროები, პირველ რიგში მშენებლობა, და ასევე ნაწილობრივ მომსახურება, სადაც უბრალოდ არ არსებობს საქართველოში შესაბამისი მუშახელი, შეგიძლიათ ჰკითხოთ მშენებლებს, სასტუმროების მფლობელებს - მათთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის საქართველოსი მუშახელის მოძიება", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
"ოცნების" პრემიერის თქმით, კანონის ამოქმედების შემდეგ, სხვადასხვა სამშენებლო პროექტზე დასაქმებული უცხოელი მუშახელის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების პასუხისმგებლობა მათ დამქირავებლებს დაეკისრებათ.
"ბუნებრივია, როდესაც საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტია განსახორციელებელი და ადგილზე არ გყავს სამუშაო ძალა, პროექტებს ვერ გააჩერებ. მათ შორის, საქმე ეხება თუნდაც სახელმწიფო პროექტებს, რომლებიც ხორციელდება ჩვენ მიერ გამოცხადებული ტენდერების საფუძველზე, სადაც უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს ქართველი მუშახელი. იქ, რა თქმა უნდა, გვჭირდება უცხოელი მუშახელის მოზიდვა, ოღონდ აქაც მკაცრი პოლიტიკით, რაც გულისხმობს, რომ კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, შესაბამისი სამუშაო ძალის ჩამოყვანის და სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამ პირთა უკან, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები იცვლება. აღნიშნულს "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ "uკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვისა და განვითარების მიზნით", "შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.
იმისთვის, რომ უცხოელმა თანამშრომელმა კანონიერად იმუშაოს, 1-ელი მარტიდან საჭიროა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმება; "შრომითი საქმიანობის უფლება" და მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა.
1-ელი მარტიდან, საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება | რა უნდა იცოდეს ბიზნესმა?




























