საქართველოს მინის ბოთლების და ბოცების იმპორტი 32%-ით გაუძვირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველომ 4 მლნ აშშ დოლარის 6 512 ტონა მინის ბოცა, ბოთლები და სხვა ტევადობები შეიძინა, 2025 წლის ანალოგიურ თვეში კი იმპორტმა 3,5 მლნ აშშ დოლარი და 7 518 ტონა შეადგინა. მონაცემები ცხადყოფს, რომ მოცულობაში იმპორტი შემცირდა, ხოლო თანხობრივად - გაიზარდა.
გასული 2025 წლის ჯამური მონაცემების თანახმად კი, საქართველოში 79,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 145 453 ტონა მინის ბოცები და ბოთლები შემოვიტანეთ, მაშინ როცა 2024 წელს, 71,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 155 959 ტონა. ამ მონაცემების მიხედვითაც ირკვევა, რომ მინის ბოცებისა და ბოთლების იმპორტი გასულ წელსაც გაძვირდა. ფასის ზრდა დაახლოებით 20%-იანი იყო.
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, მიმდინარე წლის იანვრის მონაცემების თანახმად, მინის ბოთლებისა და ბოცების იმპორტის უმეტესობა რუსეთზე მოდის, მას მოჰყვება სომხეთი და უკრაინა.
მინის ბოთლების და ბოცების TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა (2026 წლის იანვარი):
- რუსეთი - 2,3 მლნ აშშ დოლარი; 3 425 ტონა
- სომხეთი - 1 მლნ აშშ დოლარი; 2 251 ტონა
- უკრაინა - 276 500 აშშ დოლარი; 375 ტონა
- აზერბაიჯანი - 138 200 აშშ დოლარი; 273 ტონა
- ჩინეთი - 105 000 აშშ დოლარი; 102 ტონა
ცნობისთვის, "ოცნების" მთავრობამ გადაწყვიტა, რომ პლასტმასის ბოთლებით სასმლის რეალიზაცია აკრძალოს. კერძოდ, 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდება. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება.
დადგენილებით განსაზღვრულია გამონაკლისებიც. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე, მათ შორის არალკოჰოლურ და ალკოჰოლურ სასმელებზე. გამონაკლისი შეეხება ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებას.


























