მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისერიალ "ლაზიერის გამბიტის" Netflix-ზე გასვლამ ჭადრაკის შესახებ დაინტერესება რეკორდულად გაზარდა

5fd10effb2c98
მარიამ ადამია
09.12.20 23:22
1248
მინისერიალი "ლაზიერის გამბიტი" Netflix-ის ახალი რეკორდსმენი გახდა. შოუმ პრემიერიდან 28 დღეში 62 მილიონი ნახვა მოაგროვა, რაც სტრიმინგ სერვისისთვის რეკორდული მაჩვენებელია და მხოლოდ 76 მლნ ნახვით The Witchers -ს ჩამოუვარდება.

გარდა ამისა, შვიდეპიზოდიანი სერიალი ტოპ-10-ში მოხვდა 92 ქვეყანაში, ხოლო 63 ქვეყანაში — მათ შორის დიდ ბრიტანეთში, არგენტინაში, ისრაელსა და სამხრეთ აფრიკაში — 1-ლი ადგილი დაიკავა.

მინისერიალის წარმატებამ აშკარად გაზარდა ინტერესი ჭადრაკის მიმართ და მაგალითად, საძიებო სისტემა Google-ში, ჭადრაკის შესახებ გვერდების მოძიების სიხშირემ 9 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. Netflix-ის შოუს წყალობით “იბეიზე” 250%-ით გაიზარდა მოთხოვნა საჭადრაკო კომპლექტებზე. ასევე ორჯერ გაიზარდა "გუგლში" ჭადრაკთან დაკავშირებული ტერმინების მოძიების სიხშირე. Chess.com-ზე, ჭადრაკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინ სივრცესა და სოციალურ ქსელში ახალი მოთამაშეების რაოდენობა სერიალის პრემიერიდან დღემდე ხუთჯერ გაიზარდა.

ხოლო ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მიმართ, რომელიც მომდევნო წელს იგეგმება, ინტერესი ისტორიულ მაქსიმუმამდეა გაზრდილი. და ეს ყველაფერი ზუსტად 23 ოქტომბერს დაიწყო. "ლაზიერის გამბიტი" 1983 წელს დაწერილ უოლტერ ტევისის ბესტსელერს ეფუძნება. მინისერიალის მთავარი გმირი მოჭადრაკე ვირტუოზი ელიზაბეტ ჰარმონია, რომელიც 60-იანი წლების სრულიად პატრიარქალურ სპორტში წამყვანი ფიგურა ხდება.

"ეს სერიალი იმის ჭეშმარიტი დასტურია, თუ რამდენად კარგი სცენარისტი და რეჟისორია სკოტ ფრენკი, რომელმაც მოახერხა, რომ ჭადრაკის მატჩების მთელი დრამა და წვრილმანები ეკრანზე გაეცოცხლებინა” - ამის შესახებ Netflix-ის ორიგინალური სერიალების ვიცე-პრეზიდენტმა პიტერ ფრიდლენდერმა ისაუბრა.

მისი თქმით, აქ ყველაფერი ნაფიქრი და გააზრებულია. კოსტიუმების დიზაინი, დაძაბული მუსიკა; სულისშემკვრელი მონტაჟი და მატჩები, რომლებიც გულისამაძგერებელ დრამად გადაიქცა მთელს მსოფლიოში. ეს არის კარგი გუნდის კარგი ნამუშევარი. და არც შედეგმა დააყოვნა.

თავად გახმაურებული რომანის გაყიდვები კი, სერიალის გამოსვლის შემდეგ, განსაკუთრებით გაიზარდა, თუმცა ის მკითხველების სიმცირეს აშშ-ში არც მანამდე უჩიოდა. აღსანიშნავია, რომ ეკრანიზაციის მსგავსად, კრიტიკოსების და მკითხველების დადებითი გამოხმაურება ხვდა წილად პირველწყაროსაც, რადგან წიგნის რეიტინგი Goodreads-ზე 4,24-ია. დღეს უკვე მისი თარგმნა ქართველი მკითხველისთვის დაწყებულია და ის 2021 წლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები