მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრები, რომლებიც ირაკლი კობახიძემ პრემიერობისას მოხსნა და დანიშნა

ღარიბაშვილი

2024 წლის 8 თებერვლიდან, რაც "ოცნების" მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა, მინისტრთა კაბინეტიც თითქმის სრულად განახლდა. უცვლელი მხოლოდ ორი უწყების - ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი ლაშა ხუციშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დარჩნენ.

დღეს, 30 ივნისს "ქართული ოცნების" მთავრობაში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძე გივი მიქანაძემ შეცვალა. წულაძეს პოსტი მხოლოდ 8 თვის განმავლობაში ეკავა.

კობახიძემ გაპრემიერების შემდეგ კაბინეტში 14 საკადრო ცვლილება განახორციელა. ამასთან, შექმნა/გამოყო ორი ახალი სამინისტრო. (ერთმანეთისგან გამიჯნა ინფრასტრუქტურა და რეგიონული განვითარება, სპორტი და კულტურა).

bm.ge გთავაზობთ ირაკლი კობახიძის სამთავრობო საკადრო ცვლილებებს სრულად:

  1. 2024 წლის 8 თებერვალი  – პარლამენტმა დაამტკიცა ირაკლი კობახიძის მთავრობა. ერთადერთი მაშინვე განხორციელებული ცვლილება იყო თავდაცვის მინისტრის პოსტზე: ირაკლი ჩიქოვანი გახდა თავდაცვის მინისტრი, მან ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვალა;
  2. 2024 წლის 11 მარტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახდა. მან ზურაბ აზარაშვილი შეცვალა;
  3. 2024 წლის 26 სექტემბერი - ვიცე-პრემიერი და კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი გადადგა. მოგვიანებით, 18 ოქტომბერს პოსტზე თინა რუხაძე დაინიშნა;
  4. 2024 წლის 2 ოქტომბერი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა, რომელმაც გიორგი ამილახვარი შეცვალა;
  5. 2025 წლის 25 ნოემბერი - იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი გახდა, რომელმაც რატი ბრეგაძე ჩაანაცვლა;
  6. 2024 წლის 30 ნოემბერი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გახდა. მან პოსტზე ოთარ შამუგია ჩაანაცვლა;
  7. 2024 წლის 1 დეკემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილი მაკა ბოჭორიშვილმა შეცვალა;
  8. 2025 წლის 1 იანვარი - ახლად შექმნილი სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი შალვა გოგოლაძე გახდა;
  9. 2025 წლის 2 აპრილი - იუსტიციის მინისტრად პაატა სალია დაინიშნა, რომელმაც სუსის ხელმძღვანელად გადასული ანრი ოხანაშვილი შეცვალა;
  10. 2024 წლის 4 აპრილი - ინფრასტრუქტურას გამიჯნული რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელი კახაბერ გულედანი გახდა;
  11. 2025 წლის 24 აპრილი - ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ქარსელაძის წასვლის შესახებ გახდა ცნობილი. მიზეზად, აქაც პირადი განცხადება დასახელდა. "ოცნების" სამთავრობო კაბინეტში ქარსელაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა რევაზ სოხაძემ ჩაანაცვლა;
  12. 2025 წლის 28 მაისი - "ოცნების" სანქცირებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა და პირველი პოლიციელი გელა გელაძე გახდა;
  13. 2025 წლის 24 ივნისი - "ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გახდა, მან პოსტზე ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლა;
  14. 2025 წლის 30 ივნისი - განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თანამდებობა დატოვა. პოსტზე გივი მიქანაძე დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე "ოცნების" მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის და ვიცე-პრემიერ ვახტანგ გომელაურის წასვლის შემდეგ, მხოლოდ ერთი ვიცე ირაკლი ჩიქოვანია დარჩენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები