„ევროკავშირ-საქართველოს“ ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის საზღვრებს გარეთ წარმოჩენის საქმეში მინისტრების აქტიურ ჩართულობას მოიაზრებს. ის თვლის, რომ გარდა მინისტრებისა, აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული საელჩოების რესურსიც.
რაც შეეხება საელჩოების კომერციული დესპანებით დაკომპელქტების საკითხს, ჭუმბურიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ეს უწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდეს.
„აუცილებელია თითოეული ჩვენი მინისტრი უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი ბიზნესგარემოს წარდგენაში საზღვარგარეთ. ყოველწლიურად ევროპის ყველა ქვეყნის დედაქალაქში ერთხელ მაინც უნდა იმართებოდეს ასეთი ტიპის წარდგენა/პრეზენტაციები .
ამას უნდა შრომა, ეს არის პროცესი, რომელსაც უნდა სერიოზული შრომა, რომ ქვეყნის ბიზნესგარემო იყოს წარდგენილი ისეთ დონეზე, რომ იქ ეჭვის თვალით აღარ შეხედონ საქართველოში ბიზნესის დაწყებას.
მე თვითონ მომიწია რამდენიმე ქვეყანაში ელჩად ყოფნა. ის ადამიანი, ვინც წავა იქ სამუშაოდ, ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს კვალიფიციური. ის თუ არაკვალიფიციური იქნება, გინდა დესპანი დაარქვი, გინდა ატაშე, ის საქმეს ვერ გააკეთებს. მან პირველ რიგში უნდა იმუშაოს ელჩთან ერთად. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ელჩების ეს არის, რომ ქვეყანას ერთგვარი ეკონომიკური იმიჯი შეუქმნან. დესპანებმა ელჩთან უნდა გაიარონ ყველა საკითხი და იმუშაონ თანხვედრაში და არა ისე, რომ დამოუკიდებლები იყვნენ და თვითონ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. პირდაპირ გეტყვით, დონეც არ ეყოფა.
სიმართლე გითხრათ, დესპანებს ისევ საგარეო სამინისტროდან დავნიშნავდი. ამასაც მნიშვნელობა აქვს ვინ დანიშნავს კომერციულ წარმომადგენელს. თუ ეს ეკონომიკის სამინისტრო იქნება ერთგვარი კორდინაცია დაირღვევა იმიტომ, რომ ის უფრო ანგარიშვალდებული იქნება ამ უწყებასთან. გვაქვს ძალიან დიდი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი საგარეო საქმეთა სამინისტროში და აი, იქ უნდა მომზადდეს ეს კადრები ერთი წელი მაინც, რომ იცოდნენ საქმის წარმოება, როგორ კეთდება პროექტები და როგორია საგარეო უწყების მიდგომები“-აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
მთავრობა კომერციული ატაშის ინსტიტუტს სახელს და შინაარსს უცვლის და მათ ეკონომიკური დესპანები ერქმევათ. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ეკონომიკური დესპანი თავისი რანგით კომერციულ ატაშეზე უფრო მაღლა დგას.

























