მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს მთავრობა ამზადებს.
კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიზანია მოადგილეების „სხვა თანამშრომლებთან თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება“ და მათი საქმიანობის დამატებითი მატერიალური წახალისება.
დღემდე მოქმედი წესით, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღება შეზღუდული ჰქონდათ როგორც მთავრობის წევრებს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მერებს, ისე მათ მოადგილეებს. მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ უშუალოდ ხელმძღვანელი პირებისთვის ასეთი შეზღუდვა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არის დაწესებული, თუმცა მოადგილეების შემთხვევაში მსგავსი რისკი ნაკლებად არსებობს, რადგან მათი გადაწყვეტილებები ზემდგომი პირების კონტროლქვეშ ექცევა.
ცვლილებების მიხედვით, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ:
- საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეებს;
- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს;
- სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებს;
- მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს.
დოკუმენტის მიხედვით, დანამატი და ჯილდო გაიცემა ზემდგომი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, კანონით განსაზღვრული ზღვრული ოდენობებისა და შესაბამის ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის ლიმიტის ზრდას. კერძოდ, საჯარო დაწესებულებებში ასეთი თანამშრომლების რაოდენობა მთლიან საშტატო რიცხოვნობაში 10%-ის ნაცვლად 15%-მდე გაიზრდება. გამონაკლისად რჩება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებები, სადაც ზღვარი კვლავ 10% იქნება.
მთავრობის ადმინისტრაცია დოკუმენტში განმარტავს, რომ ეს ცვლილება უკავშირდება 2024 წლის საკანონმდებლო ცვლილებებს, რის შედეგადაც პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად განისაზღვრნენ, რამაც ამ კატეგორიის თანამშრომელთა რაოდენობა გაზარდა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები დამატებით ხარჯებს მიმდინარე წლის ბიუჯეტისთვის არსებული ასიგნებების ფარგლებში დაფარავს, თუმცა მომდევნო წლებში შესაძლოა გაიზარდოს როგორც საბიუჯეტო ხარჯები, ისე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა ვერ გადააჭარბებს შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ერთ თვიურ ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული დანამატი წლიური ხელფასის 20%-ზე მეტი არ იქნება. ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა კი წლის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს 10%-ით შემოიფარგლება.
2026 წლის მდგომარეობით, მინისტრის მოადგილის ხელფასი წლიურად 139,200 ლარს შეადგენს, რაც 2025 წელთან შედარებით 12,180 ლარით მეტია.
საქართველოში თანამდებობის პირთა ხელფასები მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ხელფასებზე. 2025 წელს ეს მაჩვენებელი თვეში 1460 ლარს შეადგენს, 2026 წელს კი ის 1600 ლარამდე იზრდება. საბაზო ხელფასი მრავლდება თანამდებობის შესაბამის კოეფიციენტზე. მაგალითად დეპუტატისთვის კოეფიციენტი არის 8, მინისტრისთვის 8.5, მინისტრის მოადგილისთვის 7.25; პრემიერისთვის და პრეზიდენტისთვის კი 10. შესაბამისად, საჯარო მოხელეთა საბაზო ანაზღაურების ყოველი გადახედვის დროს იზრდება ყველა მოხელის, მათ შორის თანამდებობის პირთა ანაზღაურებები.
ამას კი ახლა ემატება ინიციატივა, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირებს პრემიების და დანამატების მიღებაც შეეძლებათ.




























