მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მინისტრებს უნდა ჰქონდეთ კომერციული ატაშეების ფუნქცია" - აკაკი მინაშვილი

620e8a5c90bd3
BM.GE
17.02.22 21:54
947
„მინისტრებს უნდა ჰქონდეთ კომერციული ატაშეების ფუნქცია. მათი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება უნდა იყოს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციის წევრმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"მაგალითად, კულტურის მინისტრმა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს კი არ უნდა შეუტიოს არამედ, მოიტანოს გარკვეული პროექტები, დაფინანსება კულტურისა და სპორტის სფეროში. განათლების მინისტრმა რაღაც ახალი უნდა შექმნას განათლებაში, ახალი ინვესტიცია უნდა შემოიტანოს ამ სფეროში“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით საკუთარ ხედვაზე ისაუბრა.

„პირველი ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება. ამ ქვეყანაში არავითარი ინვესტიციები არ შემოვა რადგან ბიზნესს არანაირი განვითარების პერსპექტივა არ აქვს. უნდა გავუშვათ კლანის ყველა წარმომადგენელი მოსამართლე და მოვიყვანოთ უცხოელი მოსამართლეები, ვინც განიხილავს ბიზნეს საქმეებს და კერძო საკუთრების უფლების დაცვის საკითხებს. ასევე, მნიშვნელოვანია შევამციროთ ის ხარჯები, რომელიც სახელმწიფოს აქვს. ბიუჯეტში 350 მლნ-ზე მეტი პრემიებზე და დანამატებზე იხარჯება, მაშინ როდესაც პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრმა მოქალაქემ სამსახურები დაკარგა ან შემოსავალი შეუმცირდა კერძო სექტორში. ეს ძალიან მძიმე დარტყმაა ჩვენი ბიუჯეტისთვის“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მისივე თქმით, უნდა გაუქმდეს ფინანსური პოლიცია და ფინანსურ დარღვევებზე უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია. „ეს არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ კერძო სექტორს ჰქონდეს სუნთქვის საშუალება“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები