„ანაკლიის პორტი არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტული ლოგისტიკური პროექტი“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წინანდალში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ფოთის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანების გაუქმების მიზეზები განმარტა და ასევე, ამ საკითხზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადება შეაფასა.
მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტის ინვესტორს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსგან, შესაბამისად, მათ პროექტისთვის დაფინანსების მიღება არ უნდა გაუჭირდეთ.
„ანაკლიის პორტი არის და იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტილი ლოგისტიკური პროექტი. არნახული, უპრეცედენტო მხარდაჭრა აქვს ამ პროექტს სახელმწიფოსგან: ფინანსური, იურიდიული, ლოგისტიკური. ეს არის 300 მილიონის ინფრასტუქტურა, რომელიც შენდება; ეს არის 100 მილიონი დოლარის თანადაფინასება; ეს არის მიწა, რომელიც არის შეძენილი ამ პროექტისთვის. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა. მხოლოდ ერთი კომპონენტი აკლია ამ პროექტს. ეს არის ის, რომ კერძო ინვესტორმა, კონსორციუმმა უნდა შეასრულოს მათზე დაკისრებული პირობები. ასეთი მხარდაჭერის პირობებში მათ ეს წესით არ უნდა გაუჭირდეთ და სხვა ინვესტორი ამას აქამდე უკვე გააკეთებდა“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ: ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს.
ნათია თურნავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მიერ „ეიფიემ ტერმინალსისთვის“ მიწათასარგებლობის ნებართვის გაცემა დარღვევებით მოხდა და შესაბამისად, ბრძანება გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს უფროსი კი, სამსახურიდან გათავისუფლებულია.
თურნავამ ასევე თქვა, რომ სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ, გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად იმოქმედა და ის არავისთან შეუთანხმებია, მათ შორის არც - მინისტრთან.
ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პირველმა, 28 მაისს ფოთის მერიამ გაავრცელა, მეორე დღეს კი - ნებართვის მიმღებმა „ეიფიემ ტერმინალსმა“.

























