საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის პორტი წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს და ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა.
როგორც რამდენიმე წუთის წინ მინისტრმა განაცხადა, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის წინასწარი ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია.
მისივე თქმით, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ნებართვა გასცა.
რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, მინისტრი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებიდან, დაწყებული 300 მილიონ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70 მლნ-იანი მიწის გამოსყიდვით და 100 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე იურიდული მხარდაჭერა.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან და გვაქვს დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე და ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს არსებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი დროულად დაიწყოს და დროულად დავიწყოთ მშენებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, მინისტრმა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გაცემულ წინასწარ ნებართვასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას; ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი სარგებლობის დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად - ჩემთან.
გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის ეს დოკმენტი გაცემული. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს დოკუმენტი გაუქმდა და ასევე, სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, - განაცხადა მინისტრმა.

























