რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ფოთის პორტთან დაკავშირებით გაიცა არა მშენებლობის ნებართვა, არამედ მოხდა მიწათრგებლობის გარკვეული პირობების დადგენა, თუმცა ეს პროცედურული დარღვევებით გაკეთდა და მინისტრთან შეთანხმებული არ ყოფილა, ამიტომ სსიპ-ის ხელმძღვანელი გათავისუფლდა თანამდებობიდან, ბრძანება კი, გაუქმდა.
„რაც შეეხება ფოთის პორტს, ის არის კერძო მფლობელის ხელში და აქვს უფლება იფიქროს განვითარებაზე,” – ამბობს მაია ცქიტიშვილი.
მისი თქმით, პორტის საკონტეინერო ტერმინალის გაფართოებისთვის ამერიკულმა სამთავრობო სააგენტო OPIC-მა განახორციელა ინვესტიცია და ეს საკითხი პორტის დაღრმავებას არ უკავშირდება.
ამასთან, მაია ცქიტიშვილი ირწმუნება, რომ ანაკლიის განვითარების პროექტს მთავრობის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს.
„ჩვენ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცეთ, რომ ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება და ამის დასტურია არაერთი მხარდამჭერი და კომპრომისული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმს და მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სამწუხაროდ არაერთხელ გვაქვს ნანახი მათი მხრიდან საკმაოდ ემოციური და ცოტა ნაჩქარევი განცხადებები“, - აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

























