მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრი "ომეგა ჯგუფზე": 11-ჯერ მოგვმართეს, არ გამოგვეყენებინა ყადაღა, 11-ჯერვე გავითვალისწინეთ

5b9299277fddf
BM.GE
07.09.18 19:26
1359
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანია ოჯთ-ს სახელმწიფოს წინაშე 51 მილიონის დავალიანება აქვს გადასახდელი, რომლის გადანაწილებაც კომპანიამ 2-ჯერ მოითხოვა. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ კომპანიის თხოვნა გაითვალისწინა და კომპანიას შესაბამისი გრაფიკი შეუდგინა, რაც მათ არ შეასრულეს.

„მოგახსენებთ, ბოლო რამდენიმე წელიწადში რა გაკეთდა იმისთვის, რომ ხელი შეწყობოდა ოჯთ-ს. 2-ჯერ მიმართეს შემოსავლების სამსახურს, რათა დავალიანების გადანაწილება მომხდარიყო. შედგა გრაფიკი. არცერთხელ ეს გრაფიკი არ შესრულებულა. ამას გარდა 11-ჯერ მოგვმართეს თხოვნით, რომ არ გამოგვეყენებინა იძულებითი ღონისძიებები - ინკასო-ყადაღა. 11-ჯერვე გავითვალისწინეთ. არცერთხელ არ გამოგვიყენებია. იმის ნაცვლად, რომ ვალი შემცირებულიყო, ვალი გაიზარდა და მიაღწია 51 მილიონ ლარზე მეტს. ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ, რომ ეს ვალი გაიზარდოს. ამ ეტაპზე კომპანია არ თუ ვერ ახერხებს, რომ თავიანთი ვალდებულებების შემცირების გრაფიკი შემოგვთავაზოს“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, კომპანიას ეს საგადასახადო ვალდებულება აქვს თამბაქოს აქციზის მარკებიდან, რომელშიც თანხა გადახდილი არ აქვს.

„ისეთი კომპანიები, როგორიცაა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი „ოჯთ“ ქმნის საფრთხეს იმით, რომ არ იხდიან აქციზის მარკების გადასახადებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ომეგასთან დაკავშირებით არ გვაქვს საგადასახადო დავა და არც ჯარიმები დაკისრებიათ მათ. ეს არ არის საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულება“,- აცხადებს მინისტრი.

ტელეკომპანია “იბერიის” განცხადებით, არხის მუშაობა საფრთხის ქვეშაა. ამის შესახებ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, “იბერია” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ხუზმიაშვილის თქმით, კომპანია ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც “იბერია” შედის, პარალიზებულია. მისი თქმით, ეს ხელისუფლების მხრიდან მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები