მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი პროტესტის მონაწილეებს, რაჭაში დაცული ტერიტორიის მოწყობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს

სოფლის მეურნეობა

გარემოს დაცვის მინისტრი ოთარ შამუგია რაჭის ტყესთან დაკავშირებით პროტესტის მონაწილეებს ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის განხილვის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

დაცული ტერიტორია შეიქმნება იმ არეალში, სადაც კომპანია HG Capra Caucasica სამონადირეო მეურნეობას ავითარებდა. თუმცა დღეს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო ლიცენზიის მოქმედება შეუჩერა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმა რომ ლიცენზიატს ბოლო წელიწადი და რვა თვის განმავლობაში ადგილზე სამონადირეო მეურნეობის განვითარებისთვის ხელშესახები ნაბიჯები არ გადაუდგამს.

“გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება საკითხზე. ამას წინ უძღოდა მთელი რიგი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. გუშინ გაიმართა ზეპირი მოსმენა, რომელზეც მოწვეული იყო ყველა მხარე, ადგილობრივი ხელისუფლება, სატყეო სააგენტო თუ დაცული ტერიტორიების სააგენტო. ასევე ლიცენზიატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ შეხვედრას და მოსმენილ იქნა ყველა მხარიდან ინფორმაცია არსებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ რომ წელიწადი და რვა თვეა გასული ლიცენზიის გაცემიდან და არანაირი მნიშვნელოვანი აქტივობა ლიცენზიატის მხრიდან განხორციელებული არაა.

ჩვენთვის თითოეული ინვესტიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და უზრუნველყოფილია გარემო ინვესტორებისთვის და ამას მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს. მაგრამ როდესაც ვხედავთ ამ ხნის განმავლობაში ვალდებულებების შესრულებას, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის დრო რომ წლები ველოდოთ ამ პროცესს, აქედან გამომდინარე გვიწევს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება.

იცით რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო მუშაობს ამ ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიის შექმნაზე. მე მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას, ასევე პროტესტის მონაწილეებს რომლებსაც ჰქონდათ ამ პროცესში რატომღაც უნდობლობა, რომ ჩაერთონ ამ პროცესში და მიიღონ მონაწილეობა”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

რაჭის ტყის პროექტის განვითარების შეჩერების შესახებ BMG-ის თავად დავით ხიდაშელიც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ სხვა ქვეყნები მის ინვესტიციებს ხელგაშლილი ელიან.

“თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც ქართულ ოცნებასთან არ ვარ დაახლოებული”, - წერილობით პასუხობს დავით ხიდაშელი bm.ge-ის.

ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას გასულ წელს სახელმწიფომ 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი 49 წლის ვადით სამონადირეო მეურნეობის განვითარებისთვის პირობიანი აუქციონის გზით გადასცა. აუქციონში ხიდაშელის კომპანიის მიერ დაფიქსირებული ფასი 1 151 832 ლარს შეადგენდა. კომპანიამ კონკურსში გამარჯვებით აიღო ვალდებულება პროექტის განვითარებაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი ჩაედო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები