საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი საფინანსო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას ონალინ-სესხების კომპანიებისთვის 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციებით ხსნის.
საქმე იმაშია, რომ 2017 წლის მეორე კვარტალში $4.1 მლნ-ის FDI განხორციელდა საფინანსო სექტორში, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს ($55.9 მლნ) 50 მლნ დოლარზე მეტით ჩამორჩება.
პირველი ვიცე-პრემიერი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საფინანსო სექტორში FDI-ის კლების მიზეზი „ონლაინ სესხების კომპანიების მიერ თანხის გატანა“ გახდა.
"ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ და ეს მოსალოდნენლი იყო", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ფინანსთა მინისტრი ფიქრობს, რომ ინვესტიციები უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას და ონლაინ-სესხების კომპანიების ბიზნესი კი, დამატებულ ღირებულებას არ ქმნიდა.
"ინვესტიცია უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას და ახლა ამას როგორც პოპულისტურ სიტყვებს ისე არ ვამბობ.
აბსოლუტურად გააზრებულად ვამბობ, როდესაც ჩვენ მივიღეთ ონლაინ-სესხებზე გადაწყვეტილება, ძალიან დიდი მსჯელობა გვქონდა როგორც გუნდის შიგნით, ისე - კერძო სექტორთან და დამატებული ღირებულების შემქმნელი პროდუქტი ვერ დავინახეთ, თუმცა როგორც გახსოვთ, იქაც ჩვენ შემოვსაზღვრეთ და 200%-იანი წლიური მოგების გაკეთების შესაძლებლობა მივეცით ონლაინ კომპანიებს, თუმცა მაშინვე აღვნიშნეთ, რომ ეს მოდელი მათთვის არ იქნებოდა მისაღები, რადგან ისინი თითქმის 1000%-ზე ადიოდნენ", - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

























