სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა, თხილის მოსავალი 20-30%-ით ნაკლები იყოს წინა წლებთან შედარებით. ამის შესახებ დავითაშვილმა ჟურნალისტებს დღეს თხილის მე-4 ფორუმზე განუცხადა.
"წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები კლიმატური ცვლილებების კუთხით. ბოლო ორი წელია ნედლეულთან დაკავშირებით არის პრობლემა. თხილის ინდუსტრიის ზრდა ეფუძნება ხარისხიან სანედლეულო ბაზას და სწორედ ამაზე გვექონდა დღეს საუბარი. ასევე ვიმსჯელეთ ქართული თხილის პერსპექტივაზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება გაიზიარა, რადგან ეს ის ქვეყანაა, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა ამ თვალსაზრისით, თუმცა პლანტაციების შეწამვლას ხელი უამინდობამ შეუშალა და ამიტომ, მინისტრი მიიჩნევს, რომ მოსავლის გადასარჩენად პრევენციული ღონისძიებების გატარება დაგვიანებული არ იყო.
მისივე თქმით, თუ თხილის მწარმოებლების სრული მობილიზება არ იქნება, მომავალ წლებში კარგი მოსავლის მიღება შეუძლებელი იქნება, სახელმწიფოს კი არ აქვს იმის რესურსი, რომ ზარალის მასობრივ კომპენსაციაზე ისაუბროს.
დღევანდელ ფორუმზე ასევე თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე მოწერელიამ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თავად ფერემერები აქტიურად არ არიან ჩართულნი პრევენციულ ღონისძიებებში და ბევრმა მათგანმა არც იცის, როგორ მოუაროს თხილის ბაღს, თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. მისი თქმით, დარგს სახელმწიფოს მხრიდან სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით მხარდაჭერა სჭირდება.

























