მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის ინფორმაციით, ონკოსერვისების მისაღებად მსოფლიოს წამყვანი კლინიკების შერჩევა დასკვნით ეტაპზეა

6466207641538
BM.GE
18.05.23 17:12
394
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამინისტრომ დაამუშავა პროექტი, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლესი თანამედროვე სტანდარტის მკურნალობას შესთავაზებს ყველა ბავშვს, ვისაც ამის საჭიროება ექნება. 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი საზღვარგარეთ მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს სრულყოფილ მკურნალობას“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვთა ონკოლოგიური სერვისების ხარისხიანი მართვა განსაკუთრებული მნიშვნელობის პრიორიტეტია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების ნაწილი, ქვეყანაში სერვისების არასრული სპექტრის არსებობის გამო, სამკურნალოდ საზღვარგარეთის კლინიკებს მიმართავს.

„მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს სამედიცინო სერვისები, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ასევე რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამიდან და სოლიდარობის ფონდიდან, წლიური ლიმიტების ფარგლებში უნაზღაურდება, საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, ჯიბიდან გადახდის წილი აღემატება დაფინანსების ლიმიტებს, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად აწვება ოჯახებს“, - თქვა აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, დასკვნით ეტაპზეა მსოფლიოს წამყვანი კლინიკების შერჩევა, რომლებმაც გამოთქვეს თანხმობა თანამშრომლობაზე.

„ამ ეტაპის დასრულებისთანავე მოხდება თანამშრომლობის გაფორმება აღნიშნულ სამედიცინო ცენტრებთან და შესაძლებელი გახდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების გაგზავნა უცხოეთში სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისის მისაღებად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები