წელს ქვეყანაში თხილის კარგ მოსავალს ელოდებიან. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გელა ხანიშვილის თქმით, თხილის წარმოების მოცულობა 30-40 ათასი ტონის ფარგლებში იქნება, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.
„აზიური ფაროსანას პოპულაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მინდინარე წელს ველოდებით თხილის კარგ მოსავალს. სახელმწიფო რეკომენდაციის ქვეშ მუშაობს 15 ათასამდე ფერმერი.
მიმდინარე წელს თხილის წარმოების მოცულობა იქნება 30-40 ათასი ტონის ფარგლებში, გასული წლის ნიშნულამდე ავა და გადააჭარბებს კიდეც. ასევე გაიზრდება მისი საექსპორტო პოტენციალი და რაც ყველაზე მთავარია, აგროღონისძიების შედეგად თხილის მთლიანი მოსავალი იქნება მაღალხარისხიანი. შესაბამისად ყველა კომპონენტი ამ თვალსაზრისით არის დადებითი.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოვადუნოთ, პირიქით როგორც საქართველოს მოსახლეობამ, ისე მთავრობამ უნდა გააგრძელოს ეს ღონისძიებები, რომ აზიური ფაროსანა მოექცეს კონტროლის არეალში.
ჩვენი ამოცანა იყო მავნებელს 15%-ზე მეტი ზიანი არ მიეყენებინა კულტურებისთვის. ამოცანა წარმატებით არის გადაწყვეტილი და რეალურად ფაროსანასგან მიღებული ზიანი თითქმის ნულს უტოლდება“-აცხადებს გელა ხანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ქართული თხილის ექსპორტი, 2017 წელთან შედარებით, 30,5%-ით შემცირდა. შედეგად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პირველად მოხდა, რომ თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ათეულში ვერ მოხვდა.

























