მინისტრის მოადგილეებმა შეიძლება შეთავსებით საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის და პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია შეასრულონ, რაშიც დამატებით ანაზღაურებას არ მიიღებენ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი საქართველოს მთავრობაა.
შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, ითვალისწინებს ცვლილებებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონებში.
განსაზღვრულია, რომ ცვლილებების შედეგად მინისტრის პირველმა მოადგილემ/მოადგილემ შეიძლება შეთავსებით შეასრულოს შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი/მისი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება.
ამასთან, მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს შესაძლებელია დაეკისროს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია.
საკანონმდებლო პაკეტი აღნიშნული დამატებითი ფუნქციების განხორციელებისათვის არ ითვალისწინებს დამატებით ანაზღაურებას.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები ხელს შეუწყობს 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამით დასახული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად განხორციელებას.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე გიორგი ქაჯაია ჩაანაცვლა, რომელსაც ეს თანამდებობა 2024 წლის მარტიდან 2025 წლის დეკემბრამდე ეკავა. ბოლო 10 თვის განმავლობაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო.





















