მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინსკში "ქართული სახლი" გაიხსნა

5d6110c7bc2c1
BM.GE
24.08.19 15:30
2486
"საპარტნიორო ფონდმა" მინსკში "ქართული სახლი" გახსნა.

როგორც BM.GE–ს ფინდიდან აცნობეს, პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

"საპარტნიორო ფონდში" განმარტავენ, რომ "ქართული სახლი" ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ახალ პლატფორმას წარმოადგენს და ქართული ნატურალური პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას, ქართველ და ბელარუს ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას, ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

მინსკში "ქართული სახლი" ოფიციალურად "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოს ელჩმა ბელარუსში ვალერი კვარაცხელიამ და თბილის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის საქმიან ურთიერთობებში მზარდი დინამიკა არსებობს. მინსკში "ქართული სახლის" გახსნა ამის საუკეთესო დასტურია. პროექტის განხორციელების იდეა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს დაიბადა. მისი მხარდაჭერით, "საპარტნიორო ფონდს" ბელარუსში ალკოჰოლური სასმელების შეტანისთვის სპეციალური კვოტები მიენიჭა.

ჩვენი ქვეყნის მიზანია, ინტეგრაცია მოახდინოს მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში. ბელარუსი კი საქართველოსათვის ერთ-ერთ სტრატეგიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს, ამიტომ თანამშრომლობის განვითარებისთვის არსებული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. „ქართული სახლი“ კარგ შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეწარმეებსა და ბიზნეს კომპანიებს საკუთარი პროდუქცია ბელარუსის ბაზარს შესთავაზონ, იმედი მაქვს „ქართული სახლი“ მინსკელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვს საინტერესო და სასიამოვნო ადგილი გახდება", – აღნიშნა "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ქართული ღვინისა და ნატურალური პროდუქტების ექსპორტის მიზნით, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად საპარტნიორო ფონდმა შვილობილი კომპანია ООО «Грузинские Натуральные Продукты» დააფუძნა. კომპანიას ბელარუსის მთავრობამ მინსკის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე კუიბიშევას 48 ნომერში "ქართული სახლის" მოსაწყობად 1350 კვ/მ ფართი უსასყიდლოდ გადასცა. ფონდის შვილობილ კომპანიას პროექტისთვის $600,000 ჰქონდა განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები