მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიქაბაძე: ზრდის მთავარი კონტრიბუტორები მშენებლობის, მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებია

5d68df64932af
BM.GE
30.08.19 12:30
1254
„2019 წლის ივლისში ეკონომიკურ ზრდაში მთავარი კონტრიბუტორი იყო მშენებლობა, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მრეწველობასა და ვაჭრობაში. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია საგარეო ვაჭრობის მონაცემების მკვეთრი გაუმჯობესება - 2019 წლის ივლისში ექსპორტი გაიზარდა 17.5%-ით, სავაჭრო დეფიციტი 83.5 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.1 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-ივლისის საშუალო ზრდა 5.1 პროცენტს გაუტოლდა.

„მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ოპერაციები უძრავი ქონებით და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - ეს ის ძირითადი სექტორებია, სადაც მიმდინარე წლის ივლისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა. გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც - ივლისში 7.8 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი, რაც შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე" - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

"საქსტატის" მონაცემებით, ზემოთჩამოთვლილი სექტორებისგან განსხვავებით, ეკონომიკური აქტივობის კლება ფიქსირდება სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში.

„საქსტატის" მონაცემებით, 2019 წლის ივლისში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 152 ერთეულს გაუტოლდა და წინა წელთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები