მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიქაუტაძის პროცესი - რა თქვა შემოსავლების სამსახურის თანამშრომელმა?

რომეო მიქაუტაძე

დღეს, 28 იანვარს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის სასამართლო სხდომა გაიმართა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დაიკითხა, რომელმაც მიქაუტაძისა და მისი ოჯახის წევრების ქონების რევიზია ჩაატარა.

"ტვ პირველის" ცნობითვე, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა ივანე ბედინაშვილმა ბრალდებული მიქაუტაძის 2017-2024 წლების ქონებრივი მდგომარეობა შეისწავლა. სწორედ ამ პერიოდში იკავებდა ის სახელმწიფო თანამდებობას. მოწმის განცხადებით, ამ პერიოდში მიქაუტაძის შემოსავლები მის ხარჯებს ბევრად აღემატებოდა და მან მხოლოდ 2 მილიონი ლარის შემოსავლების ლეგალურობის დადასტურება შეძლო, ხოლო ხარჯი 11 მლნ ლარი იყო.

"აუდიტორმა ცალსახად დააფიქსირა, რომ ყველა ის შემოსავალი, რაც ჰქონდა რომეო მიქაუტაძეს ლეგალური, შეტანილია შესაბამის დასკვნაში, ასევე შეტანილია მონაცემები მის სასარგებლოდ სესხით აღებული თანხების და მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა ეს დაუსაბუთებელი შემოსავალი, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე", - განაცხადა მიქაუტაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

მიქაუტაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ გამოძიებამ არ გაითვალისწინა ბევრი ფაქტორი მათ შორის ბანკიდან აღებული სესხი და ჰესის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი.

"მთავარი, რაც დღეს მოწმის სახით დაკითხულმა რევიზორმა დაადასტურა, იყო ის, რომ გამოძიებამ მას დაუმალა დოკუმენტაცია 800 ათასი დოლარისა და 300 ათასი ლარის შემოსავლის არსებობის შესახებ, რაც ჯამში დაახლოებით 2.5 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული შემოსავალი დოკუმენტურად იყო წარდგენილი როგორც გამოძიებაში, ისე ანტიკორუფციულ ბიუროშიც, ბატონი რომეოს დაკავებამდე.

საქმე შეეხებოდა ბეთლემის ქუჩაზე არსებულ უძრავ ქონებას, რომელიც დაახლოებით 2.6 მლნ ლარით არის შეფასებული და იმ 8.5 მილიონ ლარში შედის. ამასთან, არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ აღნიშნული ქონება სესხით არის შეძენილი, მიუხედავად იმისა, რომ თავად რევიზორმა დაადასტურა, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქონება სესხით არის ნაყიდი.

ასევე არ იქნა გათვალისწინებული ჰესის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი 340 ათასი დოლარი, რაც დაახლოებით 900 ათასი ლარია. შედეგად, დაახლოებით 5 მილიონი ლარის ოდენობის [შემოსავალი] საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული", - ამბობს ადვოკატი.

როგორც ნემსიწვერიძემ BMG-ის უთხრა, ამ ეტაპზე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. სხვა დაკავებული მაღალჩინოსნებისგან მათ შორის, ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, მიქაუტაძე არც წარდგენილ ბრალს აღიარებს.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე პროკურატურა მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334
ლარი.

შემდეგი სასამართლო სხდომა 4 თებერვალს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები