მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მირზიოევი უზბეკეთს კიდევ შვიდი წლით უხელმძღვანელებს - არჩევნების შედეგები

64ad73801e45b
მარიამ ვარადაშვილი
11.07.23 19:29
724
უზბეკეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. შედეგად ის მესამე ვადით დაიწყებს ცენტრალური აზიის ქვეყნის მართვას. მირზიოევმა არჩევნებში ხმების 87% მიიღო.

მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს მეექვსე საპრეზიდენტო არჩენებია უზბეკეთისთვის. ხელახალ არჩევნებს წინ საკონსტიტუციო ცვლილებები უძღოდა, რომლის თანახმად, პრეზიდენტობის ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაიზარდა, ეს მირზიოევს საშუალებას აძლევს ხელისუფლებაში 2037 წლამდე დარჩეს. ცვლილებები ასევე ითვალისწინებდა პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოებასაც.

ეუთო/ოდირის არჩევნების შუალედური დასკვნით, საჭიროა არსებითი ცვლილებები დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძვლის უზრუნველსაყოფად.

65 წლის მირზიოევი უზბეკეთის პრეზიდენტი 2016 წელს მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყნის ავტოკრატი ლიდერი ისლამ კარიმოვი გარდაიცვალა. კარიმოვის პრეზიდენტობის დროს ის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. შავკატ მირზიოევის დამსახურებად მიიჩნევა ბამბის მინდვრებში იძულებითი შრომის აღმოფხვრა და ქვეყნის გახსნა ტურიზმისა და ინვესტიციებისთვის, თუმცა კრიტიკოსები ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ მოქმედი მთავრობა რეალურ ოპოზიციას მოქმედების საშუალებას არ აძლევს.

მირზიოევის საარჩევნო კამპანიის ძირითადი პრიორიტეტი ეკონომიკა და განათლება იყო. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის აცხადებდა, რომ მისი მიზანი უზბეკეთის GDP-ის გაორმაგება იყო, რითაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 160 მილიარდ დოლარამდე გაიზრდებოდა.

ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების მსგავსად, უზბეკეთიც ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გავლენა, რომელიც მისი ტრადიციული სავაჭრო პარტნიორის, რუსეთის წინააღმდეგ არის დაწესებული.

შესუსტებული რუსული რუბლი ტაშკენტისთვის შემცირებული გზავნილებს ნიშნავს. რაც შეეხება ენერგეტიკას, ერთ დროს ექსპორტიორი უზბეკეთი ახლა იმაზე მეტ ბუნებრივ აირსა და ნავთობს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს და ენერგორესურსებს რუსეთისგან იღებს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2022 წელს უზბეკეთის ეკონომიკა 5.7%-ით გაიზარდა, რაც დიდი ოდენობით ფულადმა გზავნილებმა, მოხმარებისა და ექსპორტის ზრდამ განაპირობა. ეს უკანასკნელი რუსეთში ექსპორტის მნიშვნელოვანმა ზრდამ გამოიწვია, რაც წლიურად 52%-ს შეადგინა. მსოფლიო ბანკი წელს უზბეკეთის ეკონომიკური ზრდის 5.1%-მდე შემცირებას ელოდება. ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთ გამოწვევად ორგანიზაცია რუსეთის ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად შემცირებას ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები