საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინების დატოვება უნივერსიტეტის რექტორისთვის მისაღებია. როგორც აღნიშნული გადაწყვეტილების შეფასებისას დავით გურგენიძემ BM.GE-ის განუცხადა, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ფლობდა.
„რა თქმა უნდა, ინფორმაციას ვფლობდი. ეს ჩემთვის მისაღები კი არა, მისასალმებელია“ - განაცხადა დავით გურგენიძემ და აღნიშნა, რომ მისაღები კონტინგენტის რაოდენობასა და სხვა საკითხებზე საუბარს განათლების მინისტრის მიმდინარე პრესკონფერენციის შემდეგ შეძლებდა.
ცნობისთვის, განათლების მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის მიხედვით“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილების გათვალისწინებით განაწილდა.
თსუ, სტუ, ილიაუნი... - რა ფაკულტეტები რჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს?
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების 29 იანვარს გაცხადებული გადაწყვეტილება, ორივე უნივერსიტეტის პროტესტის, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრების ფონზე, საბოლოოდ ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალა და ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ორი უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდებოდა. თუმცა სტუ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიღწეული შეთანხმება მოიცავდა ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად გარდაქმნის გადაწყვეტილებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში მხოლოდ ის დისციპლინები დარჩება, რომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. ამგვარად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში.
განათლების მინისტრი განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ კონკრეტული უნივერსიტეტების იმ შენობების პრივატიზება მოხდება, რომელთა საჭიროებაც არ იქნება.
"ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 10 თებერვლიდან სამინისტროში მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით სპეციალური სამუშაო ჯგუფი ამუშავდებოდა. მისი მთავარი ამოცანა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის მაქსიმალური შენარჩუნება და რესურსების სწორად გადანაწილება იქნება. მინისტრის განმარტებით, სამუშაო ჯგუფში უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართულები. ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, როგორ წარიმართოს მილევადი რეჟიმი ისე, რომ პროცესი რეფორმის კონცეფციას შეესაბამებოდეს.



























