"ფულადი წახალისება მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგად სურათს ვერ ცვლის", - ასე აფასებენ ექიმები უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 50 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები ბუსტერ-დოზის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარით წახალისდებიან.
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე ფიქრობს, რომ ვირუსის ამ მასშტაბის გავრცელების პირობებში გადაწყვეტილებები გაცილებით დროული და შედეგზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო.
„ფულადმა წახალისებამ გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა ბევრად უფრო ადრეულ ეტაპზე უნდა დაწყებულიყო, რომ ვაქცინაციის უფრო მაღალი მაჩვენებლისთვის მიგვეღწია და შეგვექმნა საზოგადოებრივი იმუნიტეტი, თუმცა სხვა გამოსავალიც არ გვრჩება დღეს; უნდა გაგრძელდეს ეს წახალისება და იგივე ეხება ბუსტერ-დოზებსაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია "ომიკრონის" შტამის გავრცელების შემთხვევაში. 100-ლარიანი წახალისება გარკვეულ გავლენას მოახდენს, თუმცა რადიკალურ მაჩვენებლებს ვერ შეცვლის", - აცხადებს ქავთარაძე.
ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებლებს უკავშირებს სიკვდილობის მაღალ მაჩვენებელს კლინიკა "ნეოლაბის" ხელმძღვანელი გიორგი კამკამიძე.
„მისასალმებელი, მაგრამ დაგვიანებულია, გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო ფოკუსირება ამ ჯგუფზე, ვინაიდან ჩვენთან რისკის და მაღალი ასაკის ჯგუფში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ვაქცინაციის მოცვის თვალსაზრისით. სხვაგან სადაც ეფექტიანად მიმდინარეობს ეს პროცესი, 80-90%-ის ფარგლებშია, მაშინ როცა ჩვენთან 35%-ს ვერ სცდება, ამიტომაც გვაქვს სიკვდილობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ლიდერი ვართ მსოფლიოში", - აცხადებს Bmg-თან საუბრისას კამკამიძე.