მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მისასალმებელია" - როგორ აფასებს ლევან დავითაშვილი "ქართულ-რუსული" ბიზნესასოციაციის შექმნას?

დავითაშვილი

"ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი "ქართულ-რუსული" ბიზნესასოციაციის შექმნას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ორგანიზებულ ბიზნესთან კოორდინაცია ბევრად ადვილია. მან ამის შესახებ BMG-ს კვირის დასაწყისში განუცხადა.

საქმე ისაა, რომ BMG-ის ინფორმაციით, საქართველოში "ქართულ-რუსული" ბიზნესასოციაცია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძეა. აღნიშნული BMG-ს თავად ბიზნესმენმა 24 იანვარს დაუდასტურა.

როდესაც ლევან დავითაშვილს ახალ ასოციაციაზე ვკითხეთ, მან გვიპასუხა, რომ ინფორმაციას არ ფლობდა, თუმცა ისაუბრა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და აღნიშნა, რომ მისასალმებელია, თუ იქნება ასოციაცია, რომელიც ამ ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

"ვერ გეტყვით [ახალ ასოციაციაზე], მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, არსებობს ასეთი ასოციაციები სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთანაც მგონი არსებობს. რა თქმა უნდა, შეიძლება ახალი ასოციაციაც შეიქმნას. თუ ისეთი ბიზნესსაბჭო ან ასოციაციები იქნება, რომლებიც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს, ჩვენთვის მისასალმებელია იმიტომ, რომ ორგანიზებულ ბიზნესთან კოორდინაცია ბევრად უფრო ადვილია ხოლმე. ამიტომ, ჩვენ ასეთ ინიციატივებს როგორც წესი ვახალისებთ. იცით, რომ არის მაგალითად შუა აზიის ქვეყნებთან, ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ასეთი ასოციაციები არის",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

"ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ რუსეთი, პოლიტიკური წინაპირობებიდან გამომდინარე, სპეციფიკური, თუმცა მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.

"სავაჭრო ნაწილში ჩავთვალოთ, რომ [რუსეთი] მნიშვნელოვანი პარტნიორია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სპეციფიკური პარტნიორი ბევრი შეზღუდვიდან და პოლიტიკური წინაპირობებიდან გამომდინარე. ჩვენ იცით, რომ გვაქვს წითელი ხაზები პოლიტიკურ ნაწილში, მათთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამიტომ, ესაა რეალობა, რომელსაც ვითვალისწინებთ. აქედან გამომდინარე, ასეთი ასოციაციები თუ სავაჭრო ურთიერთობების პრობლემატიკაზე იმუშავებენ, რა თქმა უნდა, ეს კარგია.

სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში, პოლიტიკურ დონეზე არ გვაქვს დიალოგი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, ესაა მოცემულობა. ამის ფონზე, წლების განმავლობაში შევძელით, რომ ფაქტობრივად ემბარგოს რეჟიმიდან გადავედით დაბალანსებულ სავაჭრო ურთიერთობამდე, რაც საქართველოსთვის იყო პირველ რიგში საინტერესო იმიტომ, რომ ნულოვანი ექსპორტი მილიარდზე მეტით შევცვალეთ და უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჩვენს სასარგებლოდ შევატრიალეთ. ეს იყო ძირითადად კერძო სექტორზე დაფუძნებული. თუ ამ შემთხვევაში კერძო სექტორი არის უფრო ორგანიზებული და უფრო შედეგიანია, რა თქმა უნდა ეს არის კარგი",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა BMG-სთან.

ცნობისთვის, როგორც ზაზა ნიშნიანიძემ BMG-ს უთხრა, "ქართულ-რუსული" ბიზნესასოციაციის უმთავრესი მიზანი იქნება, დაეხმაროს იმ ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებული. მისი ინფორმაციით, ასოციაციის შეხვედრაზე 60-მდე კომპანია იყო, რომლებიც ძირითადად მეღვინეები არია. ნიშნიანიძემ რამდენიმე წევრიც დაასახელა.

"შემიძლია დაგისახელოთ - მაგალითად, ბიზნესმენი ბადრი კაკაბაძე, რომელიც საქართველოშიც და რუსეთშიც საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია. მარად შაიდიევი, რომელიც ასევე აქტიურად მუშაობს ორივე ქვეყანაში, ლევან და თემურ ანჩაბაძეები და ჯიმი ჩხაიძე... იყვნენ სხვა ბიზნესმენები და მეწარმეები. რუსეთის მხრიდან არის რაღაც მოძრაობები, ბევრ ადამიანს უნდა შემოერთება, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერი", - განაცხადა ბიზნესმენმა BMG-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები