მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივებმა 2017 წლის ბოლოსთვის 1,5 მილიარდი ლარი შეადგინა, - ინფორმაცია ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშშია გამოქვეყნებული. ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში 75 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. საანგარიშო პერიოდში სექტორის წმინდა სესხები 14%-ითაა გაზრდილი და მისმა მოცულობამ 1,04 მილიარდ ლარს მიაღწია. მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელი ძირითადად 3 მიმართულებითაა წარმოდგენილი: 1. ვაჭრობა და მომსახურება - 249 მლნ ლარი -მთლიანი პორტფელის 22%); 2. სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა - 118 მლნ ლარი ( 11 %); და 3. სამომხმარებლო სესხები - 650 მლნ ლარი (პორტფელის 58 %).
2017 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალდებულებების სტრუქტურა. კერძოდ, 2016 წელთან შედარებით, ფიზიკური პირებიდან მოზიდული სახსრების წილი მთლიან ვალდებულებებში 53-დან 36 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კრედიტორი ფიზიკური პირების რაოდენობამ 4 633-დან 2 202-მდე იკლო. ამის მიზეზი, ის რეგულაცია გახდა, რომლითაც მიკროსაფინანოებს ფიზიკური პირებისაგან ფულადი სახსრების მოზიდვაზე 100 ათას ლარიანი ლიმიტი დაწესდა.
ასევე მნიშვნელოვნად, 54 დან 27%-მდეა შემცირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაშვენებელი, რაც ფიზიკურ პირებზე 100 ათას ლარამდე სესხის უცხოური ვალუტით გაცემის შეზღუდვას უკავშირდება.

























