საქართველოს მიწის ფონდის შესახებ ერთიანი ბალანსის შესაქმნელად განახლებული სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტოს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც ანგარიშში წერია, მიწის ბალანსის წარმოების პროცესის განახლებას 2019 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომლის შესაბამისადაც ეროვნულ დონეზე შეიქმნება მიწის რესურსების შესახებ სივრცითი, პერიოდულად განახლებადი სრულყოფილი მონაცემები.
"მიმდინარე სამუშაოების შედეგად, ქვეყნის ტერიტორია (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა), სრულად დაიფარა 1:2000-იანი მასშტაბის ადაპტირებადი დიგიტალური ფენებით, რაც შესაძლებელს გახდის შეიქმნას მიწათსარგებლობის თემატური რუკები და მიწის საინფორმაციო სისტემა, ასევე, საჭიროების მიხედვით, პერიოდულად გამოქვეყნდეს მიწის ბალანსი.
მიწის საინფორმაციო სისტემის საშუალებით, სააგენტო, საქართველოს სახელმწიფოს მთელს ტერიტორიაზე, მომავალში, უზრუნველყოფს მიწის რესურსებზე (მიწათდაფარულობა და მიწათსარგებლობა) ერთიან, სანდო, ზუსტ, ერთგვაროვან და დიგიტალური გეო-ინფორმაციით სარგებლობას, მიწის ერთიანი და ერთგვაროვანი ბალანსის, სხვადასხვა სახის სტატისტიკური ანგარიშების დამუშავებასა და საჯაროობას, მიწის რესურსების გამოყენებაზე ფართო სპექტრის მომხმარებლების საინფორმაციო ვებსერვისებით მომსახურებას",- აღნიშნულია ანგარიშში.

























