მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწის მართვა, განკარგვა... - რა უფლებამოსილებები გადავა საჯარო რეესტრიდან მიწის მდგრადი მართვის სააგენტოში?

მიწა

მთავრობა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებებს აფართოებს. ამას ითვალისწინებს პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა. შესაბამისი განკარგულება ირაკლი კობახიძემ ხელი 30 იანვარს მოაწერა.

„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ” საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, დღეისთვის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ უფლებამოსილებების ნაწილი სწორედ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოზე გადავა. უფრო კონკრეტულად კი გაწერილ გეგმაში წერია.

„კანონპროექტის მიზანია სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ფუნქციური გაძლიერება, რაც გულისხმობს სააგენტოს უფლებამოსილებების ზრდას მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების, რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების (აღნიშნულ უფლებამოსილებას დღეის მდგომარეობით ახორციელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მართვის და განკარგვის, პირუტყვის გადასარეკი ტრასების მართვის და განკარგვის, მიწათსარგებლობის სახელმწიფო მონიტორინგის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსოლიდაციის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის და განხორციელების კუთხით“.

ცნობისთვის, დღეისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები მიწის ბალანსის შედგენა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მიწათსარგებლობის სახელმწიფო მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა.

რაც შეეხება უფლებამოსილებებს

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების გამოყენება-დაცვისთვის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, მიწის მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება და მონაწილეობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების გამოყენების პროგრამის განხორციელება, გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა; ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია; ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება, ასევე ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელება; ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და სპეციალური მოკვლევის ჩატარება; კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული საინვესტიციო გეგმის თაობაზე განცხადების მიღება და განხილვა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საინვესტიციო გეგმის შესრულების მონიტორინგი და სხვა საკითხებია.

2026 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში მიწების სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა დასრულდა. როგორც ცნობილია, რეფორმის დასრულების თარიღად 2025 წლის ბოლო იყო განსაზღვრული.

ცნობისთვის, მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2022 წლიდან დაწყებული რეფორმაა, რომლის მიზანს ქვეყნის მასშტაბით მიწის ნაკვეთების სისტემური აზომვა, საკადასტრო სამუშაოების ჩატარება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოადგენდა.

პროგრამის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება. ამასთან, იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გაფორმება სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, რეგისტრაციის შესაძლებლობა სპორადული წესით 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები