მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულდება - თვითნებურად დაკავებულ მიწებზე უფლებების აღიარების ვადა ერთი წლით ხანგრძლივდება

მიწა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარადგინა, რომელიც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში არსებით სიახლეებს ითვალისწინებს.

განმარტებით ბარათში წერია, რომ 2016 წელს დაწყებული და 2022-2025 წლებში გაგრძელებული მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მნიშვნელოვანი შედეგებით სრულდება. განმარტებითი ბარათის თანახმად:

  • 2025 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის საკადასტრო აზომვები 95%-ზე მეტია;
  • სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აიზომა 2 094 707 მიწის ნაკვეთი.
  • 2022-2025 წლებში 1 469 581 მოქალაქე გახდა მიწის მესაკუთრე.
  • რეფორმის პრაქტიკამ აჩვენა, რომ რეგისტრირებული ნაკვეთების 70%-ზე გახდა საჭირო საზღვრების გასწორება და მონაცემების დაზუსტება, რაც მიუთითებს ადრე არსებული სისტემური ხარვეზების მასშტაბურობაზე.

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი 2026 წლის 1 იანვარს სრულდება.

კანონპროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება უფლებების აღიარების პროცესის გახანგრძლივებას.

  • 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს მიწის სპორადულ რეგისტრაციას (ინდივიდუალური განაცხადის საფუძველზე).
  • ამ ერთი წლის განმავლობაში, სააგენტოს მიენიჭება უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) უზრუნველყოს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

დოკუმენტის მიხედვით, ეს ღონისძიება მიზნად ისახავს იმ პირებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომლებმაც სისტემური რეგისტრაციის პერიოდში (ქვეყანაში არყოფნის ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო) ვერ მოახდინეს საკუთრების უფლების რეალიზება.

აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლის პერიოდში (2027 წლის 1 იანვრამდე) შეჩერდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამოსილებები. სააგენტოს მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური კი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები