მთავრობის დადგენილებით, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის წესი ძალაში შევიდა.
საუბარია კანონზე, რომლის პროექტიც პარლამენტში გასული წლის ბოლოს დაინიცირდა და რომლის მიხედვითაც, ფიზიკურ პირებს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადაუხდელი თანხა და ასევე, მასთან დაკავშირებული ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებოდათ, თუ დავალიანება წარმოშობილი იყო 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე.
მთავრობის მეთაურის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით, პირებს ამნისტია შეეხებათ იმ შემთხვევაში, თუ - 2023 წლის 1 დეკემბრამდე შესაბამისი ლიცენზიით (სათანადო დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) არ უსარგებლიათ, კერძოდ, მიწისქვეშა მტკნარი წყალი არ ჩამოუსხამთ. ამასთან, აკმაყოფილებენ ერთ-ერთი პირობას:
ა) პირი, 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, აღარ ფლობს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემულ ლიცენზიას;
ბ) პირი 2024 წლის 1 აპრილამდე მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის ლიცენზიის გამცემ ორგანოს მიმართავს ამ ლიცენზიის გაუქმების შესახებ და 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით არ უსარგებლია აღნიშნული ლიცენზიით, კერძოდ, არ ჩამოუსხამს მიწისქვეშა მტკნარი წყალი.
საგადასახადო ორგანო, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან პასუხის მიღების შემდეგ, 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის ან ჩამოწერაზე უარის თქმის შესახებ.