კახა კალაძის განცხადებით, მიწისზედა მეტრო, რომელსაც სამგორი-ლილო უნდა დაეკავშირებინა და 2018 წელს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირების ნაწილი იყო, დროებით შეჩერებულია, რადგან პროექტის განხორციელება €300 მილიონი ჯდება, ქვეყანაში კი სხვა პრიორიტეტები არსებობს.
ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ახმეტელისა" და "ვარკეთილის" მეტროსადგურების გაგრძელება უფრო პრიორიტეტულია, რადგან ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებდა. მიწისზედა მეტროს პროექტი კი პრიორიტეტული არ არის.
"რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ დავალება, დავიწყეთ სამუშაოების შესრულება, დავიქირავეთ ევროპული კომპანიები, სახელი არ მახსოვს ავსტრიულ-გერმანული კომპანია იყო, რომელმაც დადო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და, კვლევის მიხედვით, პროექტი ჯდება, დაახლოებით, 300 მილიონი ევრო. რა თქმა უნდა, როდესაც დავიწყეთ მსჯელობა, რამდენად სწორი იქნება ამ პროექტში ამ თანხის დახარჯვა მაშინ, როდესაც გადაუდებელი აუცილებლობა არის, ვთქვათ, "ახმეტელის" და "ვარკეთილის" მეტროს ხაზის დაგრძელება, რა თქმა უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი დროებით შეგვეჩერებინა. იმიტომ რომ არსებობს პრიორიტეტები, არსებობს დათვლა, რამდენი ადამიანი იმგზავრებდა აღნიშნული ხაზით, რამდენი - იმ შემთხვევაში, როდესაც არსებული მეტროს ხაზები დაგრძელდება.
ჩვენ რომ გადაგვედგა ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნებოდა, რა თანხები იხარჯებოდა აღნიშნულ პროექტზე და ცნობილი იქნებოდა, აღნიშნული მეტროს ხაზი დღის განმავლობაში რამდენ ადამიანს მოემსახურებოდა, მაშინვე წამოვიდოდა კრიტიკა და კითხვები, თუ რატომ გადავდგით ნაბიჯი და რატომ ვხარჯავთ ამდენ თანხას, როცა სხვა პრიორიტეტები და აუცილებლობები არსებობს", - განაცხადა კახა კალაძემ.
2018 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ მიწისზედა მეტროს პროექტის პრეზენტაციაზე თქვა, რომ მშენებლობა 2019 წელს დაიწყებოდა, ხოლო 2020-2022 წლებში ის ექსპლუატაციაში შევიდოდა. საპრეზენტაციო ვიდეო-რგოლში აღნიშნული იყო, რომ მეტრო 260 000 ადამიანს მოემსახურებოდა.
2019 წელს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა კომპანია ILF Consulting Engineers Austria GmbH-მა შეასრულა.




























